სად თხრის რუსული „ვაგნერი“ ახალ სანგრებს

 2020 წლის ბოლოს ჟენევაში ლიბიის დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. გაერო-ს მედიაციით მიღწეული ხელშეკრულების თანახმად, დაქირავებულ და უცხოელ მებრძოლებს ლიბიის ტერიტორია სამი თვის ვადაში, 23 იანვრამდე უნდა დატოვებინათ. გასულ კვირას ინტერნეტ სივრცე სატელიტიდან გადაღებულმა ფოტოებმა მოიცვა, სადაც კარგად ჩანს უზარმაზარი თხრილი, რომელსაც რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები ამზადებენ. სანგრის ფუნქციის მქონე ეს თხრილი მინიმუმ 30 თავდაცვით პოზიციას მოიცავს.

თხრილი მიმართულებას ქალაქ სურთიდან იღებს, საბოლოო წერტილი კი „ვაგნერისთვის“, სავარაუდოდ, მათი კონტროლირებადი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ელ ჯუფრა იქნება.  შეიძლება, თამამად ითქვას, რომ მებრძოლებს, რომლებიც წესით ტერიტორიის დატოვებას უნდა იწყებდნენ, ასეთი თხრილები არ გაჰყავთ. შესაბამისად, ნათელი ხდება, რომ  გაერო-ს სამშვიდობო შეთანხმებას კრემლი არ შეასრულებს.

მოკლედ შეგახსენებთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ნავთობის მარაგებით მსოფლიო ათეულში შემავალ და ერთ დროს აფრიკაში უმდიდრესი ქვეყნის გარშემო. მას შემდეგ, რაც ლიბიაში 2011 წელს დიქტატორ მუამარ კადაფის რეჟიმი დაემხო, ტრიპოლის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ ხელისუფლებას ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული ხალიფა ჰაფთარის ნაციონალური არმია ებრძვის. ამ უკანასკნელს მხარს რუსეთი, გაერთიანებული ემირატები და ეგვიპტე უჭერს. ოფიციალურ მთავრობას კი თურქეთი ეხმარება.

გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრიდან ლიბიაში კრემლის კერძო სამხედრო კონტრაქტორი ფირმა „ვაგნერის“ 800-დან 1 000-მდე დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. მათი უმეტესობა ეროვნებით რუსია.  ამასთანავე, სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ, სინამდვილეში, ლიბიაში ჰაფთარის მხარდასაჭერად  2000-ზე მეტი რუსი დაქირავებული სამხედრო იბრძვის.

საინტერესოა, რომ ნავთობის მარაგებით მდიდარ აღმოსავლეთს მოსკოვის ფავორიტი ჰაფთარის არმია აკონტროლებს. „ვაგნერის“ მებრძოლები და კრემლის ჩინოვნიკები სწორედ აქედან გამომდინარე მდიდრდებიან –  ხშირად დაჯგუფების წევრები საქმიანობისთვის გასამრჯელოს საბადოებიდან მიღებული ნავთობისა და გაზის სახით იღებენ. პუტინის დამქაშები უდანაშაულო ლიბიელების სიცოცხლის მოსპობის ხარჯზე ფულს შოულობენ.

რუსეთი ლიბიაში პოზიციებს რამდენიმე მიზეზის გამო არ დათმობს. გავიხსენოთ, მაგალითად, 2008 წელი, როდესაც ჩინეთის სარკინიგზო კომპანიამ ტენდერი მოიგო და ლიბიაში  რკინიგზის ხაზის გაყვანა დაევალა. წესით, სარკინიგზო მონაკვეთი გადაჭიმული უნდა ყოფილიყო ელ ხუმსიდან სურთამდე. თუმცა, 2011 წელს ცნობილი გახდა, რომ ამ სარკინიგზო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს რუსული კომპანია შეასრულებდა. საინტერესოა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები თავიანთი თხრილით საეჭვოდ უახლოვდებიან სწორედ ამ რკინიგზის ხაზის მარშრუტს. როგორც ჩანს, კრემლი თავიდანვე სტრატეგიული გათვლით ცდილობდა ლიბიაში შეღწევას, ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსებისა და ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ლიბიაზე კონტროლის შენარჩუნებით რუსეთი ქვეყნის გარშემო ნებისმიერ საერთაშორისო მოლაპარაკებაში ადგილს ინარჩუნებს.

პუტინის კიდევ ერთი ინტერესი ლიბიაში არალეგალურ მიგრაციას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ლიბიის ტერიტორია სუბსაჰარული აფრიკისა და შუა აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს. ლიბიის პორტების კონტროლის გზით, რუსეთი ევროკავშირთან ვაჭრობის შესაძლებლობას იძენს. გავიხსენოთ თურქეთის მაგალითი, რომელმაც ევროკავშირისგან არალეგალი მიგრანტების შეჩერების სანაცვლოდ დიდძალი თანხის მიღება მოახერხა. მაშინ ანკარამ საკმაოდ წარმატებით ივაჭრა დასახული მიზნის მისაღწევად. ამგვარ კარტს წარმოადგენს ლიბია რუსეთისთვის. შესაძლოა, კრემლმა საჭირო დროს ევროკავშირის სანქციებისგან თავის დასახსნელად სწორედ მიგრანტების თემა გამოიყენოს.

ლიბიაში რუსეთის ინტერესებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ენერგეტიკული მიმართულება. რუსეთიდან ევროპაში ნავთობის 30, ხოლო გაზის 40 პროცენტი შედის. დამატებით, ლიბიის რეზერვების კონტროლი რუსეთს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ხელი შეშლაში ეხმარება.  საკუთარის გარდა, დამატებით ლიბიის რესურსების გაკონტროლებით მოსკოვი გარანტირებულად ინარჩუნებს მთავარი ენერგო იმპორტიორის ფუნქციას ევროპაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კრემლს ლიბიაში არსებული კონფლიქტის დასრულება არ უნდა. პუტინისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ქაოსის შენარჩუნება, რადგან ასე ჰაფთარის დახმარებით ნავთობის მარაგების, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებისა და პოზიციების შენარჩუნებას მოახერხებს. „ვაგნერის“ მებრძოლები ლიბიიდან წასვლას არ აპირებენ. მოსკოვი, ალბათ, ტრადიციულად განაცხადებს, რომ მებრძოლებს რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვთ, ოღონდ შემდეგ შინ დაბრუნებულებს მედლებს ჩამოურიგებს. ამასობაში  ლიბიაში უდანაშაულო ხალხი იღუპება, მაგრამ დიადი რუსეთისთვის ხომ მთავარია, ამ რეგიონში კიდევ რამდენიმე პოზიციით დაწინაურდეს, ხოლო  ყველა ფეხის ნაბიჯზე დარღვეულ, ადამიანის უფლებებს რა მნიშვნელობა აქვს.

გურამ თარგამაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები