“მსგავს მიდგომასა და დამოკიდებულებას არავის არასდროს არ გავუტარებთ” – კალაძე ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს მერიაში გამართულ სხდომაზე გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა და კორუფციაში ჩართულობა.
„მინდა გამოხმაურო ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე კორუფციასთან მიმართებაში, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთან დაკავშირებით, ამიტომ, კიდევ ერთხელ, მინდა, მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული ჩვენი თანამშრომელი, რათა ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა.
მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ჩვენმა თანამშრომლებმა სამსახურებში, ვინაიდან კატეგორიულად მიუღებელია სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ.
მსგავს მიდგომასა და დამოკიდებულებას არავის არასდროს არ გავუტარებთ. ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლავრენტი გოგსაძე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები