გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ხათუნა თოთლაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობისა და ამ კუთხით რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს, მიმოხილულ იქნა პოზიტიური ღონისძიებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. განხილვის დასაწყისშივე დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე, რადგან ეს უკანასკნელი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე. აღნიშნულის თაობაზე საკუთარ გამოსვლაში ხასი გაუსვა ასევე ჟენევაში გაერო-ს დარბაზიდან გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელმა – ალექსანდრე მაისურაძემ.
,,მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არაერთი დელეგაციის მიერ, მათ შორის, ბულგარეთის, ხორვატიის, ლიტვის, რუმინეთის, პოლონეთის, ესტონეთის, მოლდოვის, უკრაინის, თურქეთის შვეიცარიის მიერ, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და ამ მიზნით ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ხათუნა თოთლაძემ მკაფიო განცხადებით უპასუხა რუსეთის ფედერაციის მიერ თავის გამოსვლაში გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით. ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებით, რითაც დადასტურდა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ხოლო რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენდა მცდელობას, შეცდომაში შეეყვანა საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევების ფაქტებზე”, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.