“COVID-19-ით ავადობის ტვირთი სამედიცინო პერსონალში” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ანგარიშს აქვეყნებს
“COVID-19-ით დაავადებულთა შორის სამედიცინო პერსონალი 6%-ს შეადგენდა, მედპერსონალის ლეტალური შემთხვევების უმეტესი წილი (90%) სამედიცინო დაწესებულებაში ფიქსირდება”,- ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში სახელწოდებით, „ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად“.
ანგარიშის მიხედვით, საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით COVID-19-ით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის 65% თბილისის, იმერეთის და აჭარის რეგიონების მცხოვრებნი იყვნენ.
“საქართველოს მთავრობის 14 სექტემბრის N1 777 განკარგულების „კორონავირუსით (SARS-CoV2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარეობდა აღნიშნული განკარგულებით განსაზღვრული რისკის ჯგუფების ტესტირება, მათ შორის პრიორიტეტად განისაზღვრა სამედიცინო პერსონალის რუტინული ტესტირება. COVID-19-ით დაავადებულთა შორის სამედიცინო პერსონალი 6%-ს შეადგენდა.
რისკის ჯგუფების მიხედვით, დაინფიცირებული მედპერსონალის 72% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის გან-ის თანამშრომელი იყო.
ინფიცირებულთა შორის 80% იყო ქალი, 20% – კაცი. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე შრომისუნარიან ასაკზე (30-დან 70 წლამდე) 80%-მდე მოდიოდა.
საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით COVID-19 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის 65% თბილისის, იმერეთის და აჭარის რეგიონების მცხოვრებნი იყვნენ.
შემთხვევის კონფირმაციის ადგილის მიხედვით, უმეტესობა (54%) დადასტურებულია თბილისის რეგიონში მოქმედ ლაბორატორიებში.
2020 წლის განმავლობაში COVID-19-ით განპირობებული მედპერსონალის სიკვდილიანობის ჯამური რაოდენობაა 62, რაც 0.4%-ს შეადგენს სამედიცინო პერსონალში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაში. COVID-19-ით განპირობებული სიკვდილიანობა სამედიცინო პერსონალში COVID-19-ით განპირობებული ზოგადი სიკვდილიანობის ნაწილია და შესაბამისად ისევე, როგორც ყველა სხვა ლეტალური შემთხვევა, საჭიროებს ღრმა ანალიზს კლინიცისტების ჯგუფებისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების ჩართულობით.
გარდაცვლილთა შორის სქესი 50%-ით თანაბრად არის განაწილებული. 30-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი გარდაცვლილთა 71%-ს შეადგენს.
მედპერსონალის ლეტალური შემთხვევების უმეტესი წილი (90%) ფიქსირდება სამედიცინო დაწესებულებაში. რისკის ჯგუფების მიხედვით, გარდაცვლილი მედპერსონალის 64.5% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელი იყო. გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები. სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა 24 გარდაცვლილს (38.7%), მათ შორის უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდნენ”,- ნათქვამია ანგარიშში.