დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: ევროპის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებმაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში შეამცირეს COVID-19-ის ინციდენტობის მაჩვენებელი, საქართველო პირველ ხუთეულში შევიდა
“2020 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო COVID-19 ინციდენტობით ყველაზე მაღალ პოზიციას იკავებდა ევროპის ქვეყნებს შორის, ხოლო 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შემთხვევების შემცირების ფონზე, ინციდენტობის 7 დღიანმა საშუალო მაჩვენებელმა საქართველოში საშუალოზე დაბალი პოზიცია დაიკავა”,- ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში სახელწოდებით, „ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად“.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, COVID-19-ზე PCR ტესტირებას ქვეყნის მასშტაბით 33 ლაბორატორია ახორციელებს.
“საქართველოში COVID-19-ის გამოსავლენად PCR2 მეთოდის გამოყენებით ტესტირება დაიწყო 2020 წლის 30 იანვარს. PCR მეთოდი განიხილება როგორც ოქროს სტანდარტი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში. მისი დადებითი მხარეა მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიურობა, რაც ცრუ დადებითი (ასევე ცრუ უარყოფითი) შედეგის რისკს მინიმუმამდე ამცირებს, თუმცა ერთჯერადად უარყოფითი PCR შედეგი არ გამორიცხავს COVID-19-ს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხვირ-ხახის ნაცხი აღებულია დაავადების საწყის ეტაპზე. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული სივრცის და მაღალკვალიფიციური პერსონალის არსებობის პირობებში. PCR ტესტირებისთვის ხდება ცხვირ-ხახის ნაცხის ან ნახველის, ბრონქო-ალვეოლური ლავაჟის (ამონარეცხი) ან რესპირატორული ბიოფსიური მასალის აღება, თუმცა PCR კვლევისთვის შესაძლებელია სხვა მასალის, როგორიცაა განავალი / სისხლი / შარდი / გვამური მასალა (ფილტვის ქსოვილი) გამოყენება სპეციალური ჩვენებით. 2020 წლის მაისიდან PCR ტესტირებასთან ერთად ქვეყანამ დაიწყო ანტისხეულებსა და ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირება გარკვეულ ჯგუფებში, თუმცა შემთხვევის დადასტურება მხოლოდ PCR ტესტირებით ხორციელდებოდა. 12 ნოემბრიდან COVID-19-ის შემთხვევის დადასტურებისთვის ქვეყანამ დაიწყო ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირება Ag-RDTs ტესტ სისტემებით, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებულ იქნა, როგორც მაღალი მგრძნობელობის და სპეციფიურობის, ცრუ დადებითი ან უარყოფითი შედეგის მინიმალური რისკით. 2020 წელს ქვეყანაში ჩატარებული ტესტების ჯამურმა რაოდენობამ 1 957 395 შეადგინა (52 662 ტესტი 100 000 მოსახლეზე), მათ შორის PCR ტესტირება – 1 414 578 (38 058 ტესტი 100 000 მოსახლეზე) და ანტიგენზე დაფუძნებული ტესტირება – 542 817 (14 604 ტესტი 100 000 მოსახლეზე).
2020 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჯამურად განხორციელებულია 265 550 ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი მარტივი ტესტირება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ს/ჯ კვლევითი ცენტრი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ინფექციური აგენტების ეპიდზედამხედველობის პროცესში. ლუგარის ცენტრი წარმოადგენს რეფერენსლაბორატორია, წამყვან როლს ასრულებს SARS-CoV-2 ინფექციასთან ბრძოლაში და პასუხისმგებელია ამ პროცესების ლაბორატორიული ნაწილის მონიტორინგზე ქვეყნის მასშტაბით. ლუგარის ცენტრმა უზრუნველყო სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში SARS-CoV-2 ხარისხის გარე კონტროლის პანელების მომზადება-განაწილება და პროგრამაში ჩართული ლაბორატორიების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, COVID-19-ზე PCR ტესტირებას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს 33 ლაბორატორია.
2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიების მიერ ჩატარებული PCR კვლევების წილი PCR მეთოდით ტესტირებების საერთო რაოდენობაში 26.3%-ს შეადგენდა (მაისი – 79%, ივლისი – 50%, სექტემბერი – 34%).
საქართველოში COVID-19 -ის პირველი შემთხვევა დადასტურდა 2020 წლის 26 თებერვალს. სულ 2020 წლის განმავლობაში COVID-19 დაუდასტურდა 228 410 ადამიანს, კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე – 6 145 (95% CI 6 121 – 6 170).
10 სექტემბრიდან, დადასტურებული შემთხვევების მატების ფონზე, ინციდენტობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და მაქსიმუმს 10 დეკემბერს მიაღწია, ხოლო შემდგომ პერიოდში, პრევენციული ღონისძიებებისა და წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებისა და შემთხვევების კლების შესაბამისად დაფიქსირდა მაჩვენებლის შემცირება და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით COVID-19 ინციდენტობის 7 დღიანი საშუალო მაჩვენებელი 37.2-ს გაუტოლდა.
2020 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო COVID-19 ინციდენტობით ყველაზე მაღალ პოზიციას იკავებდა ევროპის ქვეყნებს შორის, ხოლო 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შემთხვევების შემცირების ფონზე, ინციდენტობის 7 დღიანი საშუალო მაჩვენებელმა საქართველოში საშუალოზე დაბალი პოზიცია დაიკავა.
ევროპის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებმაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში შეამცირეს COVID-19-ის ინციდენტობის მაჩვენებელი, საქართველო პირველ ხუთეულში შევიდა.
საქართველოს რეგიონებში 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, COVID-19-ის კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალია აჭარის რეგიონში, ასევე თბილისსა და იმერეთის რეგიონებში”,- ნათქვამია ანგარიშში.