მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად გვაქვს კარგი პერსპექტივა, რომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარისა და ევრონესტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა.

„მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი საქმიანობის საწყის ეტაპზევე ხელი შევუწყოთ მჭიდრო კავშირების დამყარებას ჩვენ ევროპელ კოლეგებთან. აუცილებელი იყო ის, რომ მათთვის გაგვეცნო ის გეგმები რაც ჩვენ გვაქვს დასახული ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საინტერესო იყო ისიც, რომ გასულ კვირას ევროპარლამენტი მსჯელობდა ორ მნიშვნელოვან საკითხზე – ეს იყო ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.

„საყურადღებოა, რომ საქართველოს შესახებ გზავნილები ორივე რეზოლუციის ტექსტში იქნა ასახული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი განხილვების დროს საჭიროა, რომ მუდმივად ვიყოთ ჩართულები. როდესაც ევროკავშირი მსჯელობს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები იყოს ყოველთვის ამ კონტექსტში დანახული. სასიამოვნოა, რომ ევროპარლამენტში ეს განწყობა და ეს ხედვა არის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე, რომლებიც მისი შეფასებით დაინტერესებული არიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებით.

„ეს იყო რეალურად პირველი შესაძლებლობა რომ ევროპარლამენტარებისთვის ჩვენი ამბიციური გეგმები გაგვეცნო, რასაც საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი ევროპელი კოლეგები ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალ-ყურს თუ როგორ ხდება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება და ამ თვალსაზრისით, ერთმნიშვნელოვნად ყველა აღნიშნავს, რომ საქართველო რეფორმების გატარების კუთხით, ნამდვილად არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. იმ პროგრესის გათვალისწინებით, რასაც ქვეყანამ მიაღწია ასოცირების ხელმოწერიდან ექვს წელიწადში, ნამდვილად გვაქვს კარგი პერსპექტივა იმისთვის რომ ამბიცია გვქონდეს 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგების, ევროპელი პოლიტიკოსების ასევე, ევროპაში საზოგადოებრივი აზრის და განწყობების ჩამოყალიბება და ეს იყო პირველი ნაბიჯი ამ მხარდაჭერის მობილიზებისთვის.

„განწყობები საკმაოდ პოზიტიური და იმედის მომცემია. საქართველო ნამდვილად შეძლებს იმ მხარდაჭერის მოპოვებას, რაც ჩვენ გვესაჭიროება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, ევროპარლამენტის წევრები თვალყურს ადევნებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„ბრიუსელში არის ჩამოყალიბებული ხედვა, რომ არჩევნები რომელიც საქართველოში ჩატარდა იყო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში და დემოკრატიული, შესაბამისად ევროპელი კოლეგებისთვის არის აბსოლუტურად გაურკვეველი ბოიკოტის რეჟიმი, რა რეჟიმშიც დღეს ქართული ოპოზიცია იმყოფება”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები