მიხეილ სარჯველაძე: ქცევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ, არაფერი კავშირი არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან
“გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ქცევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან და ლეგიტიმურ უფლებასთან”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მართლსაწინააღმდეგო ქცევაა, რომელსაც სამართლებრივი რეაგირება სჭირდება.
„ეს არის მართლსაწინააღმდეგო ქცევა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან მცდელობაა, რომ შეინიღბოს გამოხატვის თავისუფლების ფორმით. ეს არ არის სწორი, ეს არის მართლსაწინააღმდეგო ქცევა, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი რეაგირება და სამართლებრივი შეფასება. არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის მხრიდან მსგავსი მიდგომა არ უნდა იქნას დაშვებულიც კი, როდესაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება აიხსნას გამოხატვის თავისუფლებით ან ნებისმიერი ლეგიტიმური სხვა უფლებით. არავითარი საშუალება არ მიეცემა არავის, რომ დაშვებული იქნას მსგავსი პრეცედენტები ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.