ლაშა დარსალიამ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდდანიშნულ თანათავმჯდომარესთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ პირველი ონლაინ შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან.

როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ თანათავჯდომარეს ახალ მნიშვნელოვან პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს შვედეთის თავმჯდომარეობა და სამხრეთ კავკასიაში მისი სპეციალურ წარმომადგენელი ძალისხმევას არ დაიშურებენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები პროგრესის მისაღწევად.

შეხვედრაზე ლაშა დარსალიამ ანიკა სოდერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ უკიდურესად რთულ ვითარებაზე, განსაკუთრებით კი გალისა და ახალგორის რაიონებში. მან ყურადღება გაამახვილა 18 იანვარს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავების პროვოკაციულ ფაქტზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ეთნიკურ დისკრიმინაციასა და სამედიცინო ევაკუაციის აკრძალვა-შეფერხებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე, მათ შორის, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მწვავედ დასვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი. ხაზი გაესვა ასევე დ.ბაშარულის, გ. ოთხოზორიასა და ა.ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის შეხვედრების რეგულარულად გამართვის აუცილებლობაზე.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში ხელშესახები პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პროაქტიული ძალისხმევისა და რუსეთზე ზეწოლის განხორციელების მნიშვნელობას.

შეხვედრის ბოლოს ანიკა სოდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, რომ ის პირადად და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობა ძალისხმევას არ დაიშურებენ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში პროაქტიული და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები