ნათია თურნავა: ზურაბ პოლოლიკაშვილს მინდა, ვუსურვო წარმატება და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური ტურიზმის აღდგენაში პოსტპანდემიურ პერიოდში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა.
“მინდა, მივულოცო ზურაბ პოლოლიკაშვილს მეორედ არჩევა ძალიან საპატიო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე, როგორიცაა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ვუსურვო მას წარმატება და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გლობალური ტურიზმის აღდგენაში პოსტპანდემიურ პერიოდში. როგორც ყოველთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ის გვერდში დაუდგება საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ტურისტული იმიჯი, ახალი ტურისტული პროექტები და ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა კვლავაც იქნება უმაღლეს დონეზე წამოწეული.
ზურაბ პოლოლიკაშვილის ორგანიზებით, 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, სწორედ საქართველოში გაიმართა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მაღალი დონის შეხვედრა, რომელსაც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები ეწვივნენ. მათ ფიზიკურად მიიღეს მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან მაღალი დონის შეხვედრაში მიუხედავად პანდემიისა და ბევრი შეზღუდვისა. დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი მომავალშიც როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მსოფლიო ტურიზმისთვის სასიკეთო პროექტებს ჩაუდგება სათავეში”, – განაცხადა ნათია თურნავამ.