აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მეჩაიეობის დარგის განვითარების გეგმაზე.
როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, არსებული სახელმწიფო პროგრამები ამ დარგის აღორძინებას ხელს უწყობს, თუმცა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ამის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება და სამუშაო ჯგუფთან ერთად იმ სტრატეგიის დასახვა, რომლის საშუალებითაც მეჩაიეობა უფრო სწრაფად აღდგება და აღორძინდება.
„ამიტომ, მოწვეული გვყავდა როგორც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე, მეწარმეები და მეცნიერები. ეს არის, ალბათ, პირველი შემთხვევა, როდესაც ყველა დაინტერესებული მხარე ჩართულია ამ საკითხის განხილვაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დარგის აღორძინება დასაქმებასთან მიმართებითაც განვიხილოთ. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება შეხვედრები და ყველა იმ საკითხსა და ინფორმაციას მოვუყრით თავს, რაც ამ დარგის აღორძინებისთვის არის საჭირო”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები