„გერმანულ“ წარსულზე ეჭვის გამო დაპატიმრებული და აგენტობის ბრალდებით, ყაზახეთში გადასახლებული პროფესორი

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.


მოსე გოგიბერიძე დაიბადა 1897 წელს, ოზურგეთის მაზრის სოფელ ქვენობანში (ხიდისთავი). დაწყებითი განათლება მიიღო ქვენობნის სამრევლო სკოლაში. 1908 წელს სწავლა განაგრძო ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში.

1918 წელს სასწავლებლად გაემგზავრა გერმანიაში. 1922 წელს, 24 წლის ასაკში ცნობილი ფილოსოფოსის, ნიკოლაი ჰარტმანის ხელმძღვანელობით, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მსოფლიო ფილოსოფიური კულტურის ერთ-ერთ უდიდეს ცენტრში – მარბურგის უნივერსიტეტში. ბერლინისა და მარბურგის უნივერსიტეტებში, ფილოსოფიის გარდა, სწავლობდა ბუნებისმეტყველებასა და პოლიტეკონომიას.

1923 წელს დაბრუნდა საქართველოში და მეცნიერული საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა. 1930 წელს აირჩიეს უნივერსიტეტის პროფესორად. 1933 წელს გახდა ბუნების დიალექტიკის კათედრის გამგე, ხოლო 1935 წლიდან – ფილოსოფიის კათედრის გამგე. მან პირველმა შექმნა ფილოსოფიის ისტორია ქართულ ენაზე, მანვე შეიმუშავა საკუთარი ფილოსოფიური შეხედულება უსასრულო სამყაროს სასრული ლოგიკური მეთოდების შეცნობის შესახებ და მას აქსიომატური მეთოდი უწოდა.

1941 წელს „გერმანულ“ წარსულზე ეჭვის გამო დააპატიმრეს, ფაშისტური გერმანიის აგენტობის ბრალდებით გადაასახლეს ყაზახეთში, ქ. აქტიუბინსკში, სადაც 1949 წელს გარდაიცვალა. 1954 წელს დამ, ელენემ აქტიუბინსკიდან ფარულად ჩამოასვენა ძმის ნეშტი სამშობლოში. მოსე გოგიბერიძე დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში. მუზეუმი გაიხსნა 1975 წელს. იქ დაცულია პროფესორის პირადი ნივთები, ხელნაწერები, წიგნები, ფოტოები, დოკუმენტები და შრომები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები