„ნინო რამიშვილმა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას აწმყოში მომავალი შეუქმნა“ (ვიდეო)

19 იანვარს საქართველოს სახალხო არტისტს, მოცეკვავეს და ქორეოგრაფს,  ნინო რამიშვილს 111 წელი შეუსრულდებოდა. ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქგვერდი მას სპეციალურ სტატუსს უძღვნის და ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ გთავაზობთ.
„ხალხური ქორეოგრაფიის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით რეფორმატორ ქალებს. მათ შექმნეს ახალი ტექნიკა, მოძრაობები და პრინციპები. ამ ქალბატონთა რიგში ღირსეული ადგილი ნინო რამიშვილის ეკუთვნის.
მისი ბიოგრაფია მთლიანად ეძღვნება ქართულ ქორეოგრაფიას-ქართულ ხალხურ ცეკვას. ის დიდი ქართველი მოცეკვავეა, მსახიობი, ქორეოგრაფი და ნიჭიერი ქალბატონია, მრავალი ჯილდოს მფლობელი, ყველა მის რეგალიებზე და ჯილდოზე მაღლა კი მისი სახელი და გვარი ნინო რამიშვილი დგას.
ნინო რამიშვილი ძლიერი და გაბედული პიროვნება იყო, თამამი იმპროვიზატორი, რომელიც თავის შემოქმედებას რთულ და ქარიშხლიან დღეებშიც შეუპოვრად და უბადლოდ ქმნიდა. ,,რკინის გედი” – ასე ეძხდნენ მას, მართლაც ფარივით ედგა თავის ანსამბლს და საკმაოდ რთულ პერიოდებსა და სიტუაციებში საიმედოდ იცავდა.
ქართულმა ხალხურმა ცეკვამ მსოფლიო აღიარება და მნიშვნელობა რომ შეიძინა, ეს სწორედ დიდი ქალბატონის – ნინო რამიშვილს დამსახურებაა. მისთვის უპირველესი სამშობლო გახლდათ, რომელსაც ქართული ხალხური ცეკვის მარგალიტები მიუძღვნა. მან თავისი სათქმელი ერის წინაშე ცეკვით თქვა და უამრავი პრობლემა ცეკვითვე გადაწყვიტა. ნინო რამიშვილის პირადი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო სცენის გარეშე, მისი, როგორც ქალის ბედნიერებაც ცეკვა იყო.
ნინო რამიშვილის მიერ შექმნილი თითოეული ცეკვა არის პოემა, რომელშიც ყველა მოძრაობა სიტყვაა, უნიკალური ამბავი და გრძნობების განუმეორებელი ისტორიაა. მისი დადგმები ერთგვარი ფერწერული ტილოა, რომელიც განფენილია სცენაზე.
ნინო რამიშვილი ხალხის წიაღიდანაა, ამიტომაც მის შემოქმედებაში მკაფიოდ იგრძნობა ქართველი ხალხის პულსი, გულისცემა, სუნთქვა და ცხოვრების რიტმი.
მისი შემოქმედება მოძრაობასა და დროში ბედნიერებას, სიხარულს, სევდასა და სხვა ადამიანურ გრძნობებს გამოხატავს, ამიტომაცაა მისი ცეკვები ასეთი მსუბუქი, ლამაზი და მომხიბლავი, ერთი ამოსუნთქვით საყურებელი, ის მართლაც ხალხისთვისაა შექმნილი.
ნინო რამიშვილმა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას აწმყოში მომავალი შეუქმნა, ქართულ ცეკვას განუმეორებელი სული შთაბერა და ერთგვარ ლოცვად აქცია.
ნინო რამიშვილის მიერ ანთებული ლამპარი დღესაც უნათებს ცხოვრების გზას ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას“, – აღნიშNულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები