40 წლის შემდეგ მაყურებელი სოსო ჩხაიძის მრავალსერიან მხატვრულ ფილმ “შვიდკაცა”-ს ნახავს
ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, 40 წლის შემდეგ სრულდება კინორეჟისორ სოსო ჩხაიძის მრავალსერიან მხატვრულ ფილმზე „შვიდკაცა”-ზე მუშაობა, რომელსაც მაყურებელი უკვე წელს იხილავს.
ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 87 წლებში მუშაობდა ტელეფილმების სტუდიაში.
სოსო ჩხაიძეს არ დასცალდა ფილმის დასრულება, მან მოასწრო გადაღება, დამონტაჟება და გურიის ეპიზოდების ნაწილობრივი გახმოვანება.
ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.
პოსტპროდუქციის პროცესს უძღვება პაატა გოძიაშვილი პროდიუსერ ნანა ზურაბიშვილთან ერთად. დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: არსებული მასალის აღდგენა, ხმის გაწმენდა, ფერთა კორექცია, დიალოგების ნაწილის ჩაწერა, მონტაჟის დასრულება, მიქსინგი, ტიტრებისა და სუბტიტრების დამზადება.