„გაზის ომები“ ევრაზიაში, რუსეთი და აზერბაიჯანის შეუსრულებელი მისია

მიმდინარე წლის 6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო.

„აზერბაიჯანის გაზი უკვე ევროპაშია, ეს ისტორიული მიღწევაა”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული გაზი ევროპას სამხრეთი გაზის კორიდორის სამი მილსადენის – „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადრიატიკული“ მილსადენების (TAP) მეშვეობით მიეწოდება.
ევროპა ბუნებრივ აირს უშუალოდ TAP-ის მეშვეობით იღებს. ამ გაზსადენმა ბულგარეთის მთელი ბუნებრივი აირის საჭიროების 33%, საბერძნეთის 20% და იტალიის 10,5% უნდა უზრუნველყო.

აზერბაიჯანის მხარის ინფორმაციით,  ჯამურად, სამხრეთის გაზის კორიდორის გამტარუნარიანობა 2023 წლისათვის 23 მილიარდ კუბური მეტრამდე, ხოლო 2026 წლისთვის  31 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. მოკლედ, აზერბაიჯანში ზეიმობენ. თუმცა, რუსი ექსპერტების ერთი ნაწილის მოსაზრებით, აზერბაიჯანი შეუსრულებელ მისიას შეჭიდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას საკმარისი რაოდენობის გაზი არ აქვს.

რუსი სპეციალისტების გათვლებით, გასულ წელს აზერბაიჯანმა დაახლოებით 12 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარა, ხოლო ეკონომიკის განვითარებისა და გაზიფიცირების ზრდის პარალელულად, გაზის მოხმარება ქვეყანაში ყოველწლიურად 1 მილიარდი კუბური მეტრით იზრდება. 2020 წლის ბალანსის თანახმად, გაზის ექსპორტმა გასულ წელს დაახლოებით 12 მილიარდი კუბური გაზი შეადგინა და ზეტმეტი გაზის მოცულობა, ანუ ექსპორტისა და ადგილობრივი მოხმარების გამოკლებით 1 მილიარდ კუბურ მეტრს არ აჭარბებდა.

შესაბამისად, როგორც რუსი ექსპერტების ერთი ნაწილი ამტკიცებს,  2021 წელს, როდესაც აზერბაიჯანს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ანუ ევროპისათვის 10 მილიარდის, საქართველოსთვის 2 მილიარდის, ხოლო თურქეთისათვის 6 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდება მოუწევს, ეს გაზი არ ექნება.

სპეციალისტების გათვლებით, 2021 წლისათვის აზერბაიჯანის მაქსიმალური საექსპორტო პოტენციალი 14 მილიარდ კუბურ მეტრს ვერ გადააჭარბებს და არც პერსპექტივა ჩანს უკეთესი. როგორც ირკვევა, 2023 წლისათვის შაჰ-დენიზის საბადოზე მოპოვების გაზრდა მხოლოდ 2 მილიარდი კუბური მეტრით იგეგმება. სპეციალისტები ეჭვის ქვეშ აყენებენ, ასევე, ოფიციალური ბაქოს განცხადებებს, რომლის თანახმადაც 2024 წლისათვის გაზის მოპოვება შაჰ-დენიზზე 27 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სკეპტიკოსების გათვლებით, შაჰ-დენიზის სიმძლავრე იმ დროისათვის 24 მილიარდს ვერ გადააჭარბებს.

მოკლედ, როგორც რუსი ექსპერტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, 25-წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ევროპისათვის ყოველწლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას გულისხმობს, საფრთხის ქვეშაა. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მათ განკარგულებაშია აფშერონის საბადო, სადაც დაახლოებით 3 ტრილიონი კუბური მეტრის გაზია კონცენტრირებული. რუსი სპეციალისტების შეფასებით, ეს მართლაც ასეა, თუმცა, როგორც ირკვევა, პირველ ეტაპზე გაზის მოპოვება აფშერონზე მხოლოდ 1.5 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში 5 მილიარდ არ გადააჭარბებს. შესაბამისად, გაზის საჭირო რაოდენობას ევროპისათვის აზერბაიჯანი მაინც ვერ აგროვებს. პრობლემაა ისიც, რომ გაზის მოპოვება აფშერონის საბადოდან აზერბაიჯანს დაახლოებით 7 კილომეტრის სიღრმიდან მოუწევს, რაც თავის მხრივ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

უკრაინელი ბლოგერისა და ანალიტიკოსის, იური პოდოლიაკას მოსაზრებით, მაშინ – როცა სამხრეთის გაზის კორიდორის მშენებლობა დაიწყო, იყო მოლოდინი და დიდი იმედები, რომ ამ გაზსადენში თურქმენული და აზერბაიჯანული გაზიც გაივლიდა, მაგრამ ეს მოლოდინები არ გამართლდა. როგორც პოდოლიაკა აცხადებს, ფაქტია, რომ თურქმენეთი, ფაქტობრივად, გაზზე ზის და მას ამ სიმდიდრის მოპოვება -ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს ისევე, როგორც ირანს. თუმცა, პოდოლიაკას თქმით, პრობლემა ისაა, რომ თურქმენეთს ამ გაზის ექსპორტის საშუალება არ ეძლევა. როგორც ირკვევა, თურქმენულ ექსპორტს ხელს უშლის მისი გეოგრაფიული მდებარეობა და მეზობლები, კერძოდ, ირანი და რუსეთი. პოდოლიაკას თქმით, იმისათვის, რომ თურქმენული გაზი ევროპის მიმართულებით წავიდეს და სამხრეთის გაზის კორიდორში გაიაროს, თურქმენეთს კასპიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის მშენებლობა მოუწევს. თუმცა, მას ამის უფლებას არ აძლევენ.

ევროპაც და სხვა სპონსორებიც მზად არიან, თურქმენეთს ფინანსურად დაეხმარონ, თუმცა, პრობლემას ქმის ის შეთამხმება, რომლის მიხედვითაც გასზადენის მშენებლობაზე კასპიის ზღვის აუზის ხუთივე ქვეყანის თანხმობაა საჭირო. სწორედ ამ თანხმობას არ იძლევიან რუსეთი და ირანი. პოდოლიაკას თქმით, ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან ირანი და, პირველ ყოვლისა, რუსეთი ამ ხერხით ევროპის ბაზარზე მათი მთავარი პოტენციური კონკურენტის, ანუ თურქმენეთის დაბლოკვას ცდილობენ. პოდოლიაკას თქმით, თურქმენეთის დაბლოკვით რუსეთი ურმაგ სარგებელს ნახულობს. გარდა იმისა, რომ თურქმენეთს ევროპაში გაზის გაყიდვის პირდაპირი საშუალება არ ეძლევა, სირთულეები ექმნება აზებაიჯანსაც, რომელსაც სამხრეთის გაზის კორიდორის გაზით შევსების პრობლემა უდგას.

პოდოლიაკას თქმით, თურქმენული გაზი ევროპამდე მაინც აღწევს, ოღონდ – რუსული გაზსადენებით და ბევრად უფრო იაფად, ვიდრე ეს თურქმენეთს სურს. თურქმენეთი იძულებულია, რუსეთს გაზი საკმაოდ იაფად მიყიდოს, რომელსაც რუსეთი შემდეგ ევროპაში ყიდის და დიდ სარგებელსაც ნახულობს.

გარკვეული რაოდენობის ბუნებრივ აირს თურქმენეთი ჩინეთსაც აწვდის. მომავალში ის ავღანეთის გავლით პაკისტანისა და ინდოეთის გაზით მომარაგებასაც გეგმავს და ამაში მას რუსეთი აქტიურად ეხმარება. მოკლედ, რუსეთი ყველა ხერხითა და საშუალებით ცდილობს, ევროპის ბაზარზე კონტროლი არ დაკარგოს და ფაქტობრივი მონოპოლია შეინარჩუნოს.

სწორედ ამ გარემოებებით ხსნის პოდოლიაკა იმ ფაქტს, რომ თავის დროზე კარგად გაპიარებული პროექტი „ნაბუკო“, რომელშიც გადამწყვეტი ფაქტორი თურქმენეთს ეკუთვნოდა ვერ განხორციელდა.

პოდოლიაკას შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში თურქმენეთს მხოლოდ უკეთესი მომავლის იმედი შეიძლება, ჰქონდეს, ხოლო აზერბაიჯანს ევროპელებთან გაფორმებული კონტრაქტების შესასრულებლად ისევ რუსეთის კარზე მოუწევს დაკაკუნება.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანს რუსეთისგან ყოველწლიურად 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესყიდვა შეუძლია. პოდოლიაკას მოსაზრებით, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანი ასეც მოიქცევა და ევროპა ახლა უკვე სამხრეთის გაზის კორიდორის გავლით აზერბაიჯანულთან ერთად ისევ რუსულ გაზს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის გაზის ბაზრის 45 %-ზე მეტს დღეს სწორედ რუსეთი აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები