ანა ფოტიგა: საქართველო დიდი ხანია, ჩვენი სანდო და სტაბილური პარტნიორია, ახლა ერთ პოზიციაზე მყოფი ქვეყნების კონსოლიდაციის დროა, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ საერთო საფრთხეებს

რუსეთი 2030 წლამდე ნატო-სთვის მთავარ საფრთხედ დარჩება. ასეთია ნატო-ს გენერალური მდივნის ინიციატივით ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფის პროგნოზი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამომავლო განვითარებისა და რეფორმის შესახებ ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტი, რომელიც 138 რეკომენდაციას შეიცავს, 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ანგარიშში რამდენჯერმეა ნახსენები საქართველო და ხაზგასმულია შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა. დოკუმენტს ნატო-ს ლიდერები უნდა გაეცნონ, რის შემდეგაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საკუთარ წინადადებებს მოამზადებს. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია პოლონელი ევროპარლამენტარი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა, რომელსაც საქართველოს პირველი არხი დოკუმენტის შესახებ ესაუბრა.

-რა არის მთავარი რეკომენდაციები, რომლებსაც „ნატო 2030“-ის ავტორი ექსპერტები საქართველოსთან დაკავშირებით იძლევიან ამ დოკუმენტში?

ამ დოკუმენტში ძალიან ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე რეკომენდაციაა. სულ შევიმუშავეთ 138 რეკომენდაცია. ჩემი აზრით, ბევრი მათგანი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჩვენს დასკვნას რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე, რაც ევროატლანტიკურ სივრცეს ემუქრება. ეს, ცხადია, ეხება ნატო-ს პარტნიორ სახელმწიფოებსაც. რუსეთი საფრთხეა საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ეს ძალიან კარგად ვიცით. ანგარიშში რუსეთის ფედერაციიდან მომავალ საფრთხეზე მკაფიოდ ვსაუბრობთ. რუსეთი არის მთავარი სამხედრო საფრთხე და სავარაუდოდ ასე დარჩება 2030 წლამდე. რა თქმა უნდა, არსებობს მოვლენების უფრო პოზიტიურად განვითარების შესაძლებლობაც, მაგრამ თუ დღეს არსებულ გარემოს გადავხედავთ, ეს ნაკლებად მოსალოდნელია. ამავე დროს, ანგარიშში კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ეს ნათქვამია ჩვენი პარტნიორების კონტექსტში. დოკუმენტში საქართველო და უკრაინა მოხსენიებულნი არიან ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორებად, რომლებთანაც თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია. ჩვენ ხაზს ვუსვამთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ფოკუსირების აუცილებლობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. არის სპეციფიკური რეკომენდაციები, რომლებიც ეხება ნატო-ს პარტნიორებს. კერძოდ, ჩვენ ალიანსს ვურჩევთ უფრო სტაბილური სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ფოკუსირებული იქნება არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნებზე, არამედ ალიანსის ინტერესებზე. საუბარია ნატო-ს სტრატეგიულ ინტერესზე. ჩვენ გამოვდივართ რეკომენდაციით, პარტნიორებთან ურთიერთობა გაღრმავდეს, დაფინანსების წყაროები იყოს უფრო სტაბილური და ვამბობთ, რომ ბუდაპეშტის 2008 წლის სამიტზე დადებული პირობა ძალაშია. ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ინსტრუმენტები, რათა საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ზოგადად, ყველა ეს რეკომენდაცია ნიშნავს შესაძლებლობის ფანჯრის გახსნას ჩვენი პარტნიორებისთვის. ამ მიზნის გათვალისწინებით, აუცილებელია, საქართველოში საზოგადოებამ სცადოს გაერთიანება, რათა ამ მიზანს ბოლომდე მისდიოს.

-თქვენ უკვე ახსენეთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა. ბუდაპეშტის სამიტიდან 12 წელი გავიდა, თქვენი აზრით, რა შეიძლება, კიდევ გააკეთოს ნატო-მ საქართველოს ალიანსთან დასაახლოებლად?

ცხადია, ურთიერთობა მოითხოვს ორივე მხარის მოქმედებას. ნატო არის მულტილატერალური ორგანიზაცია. რასაც ნატო უკვე აკეთებს, არის ალიანსის ერთიანობის განმტკიცება. როგორც ხედავთ, ანგარიშში, რომელიც ნატო-ს სამომავლო განვითარებას ეხება, გაწერილია მნიშვნელოვანი მუხლები, რომლებიც საქართველოს ეხება. ასევე, მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა და დაამტკიცა ათივე ექსპერტმა. ცხადია, მე უფრო მეტის გაკეთებას ვცდილობდი, რადგან აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს წარმოვადგენდი, თუმცა იყვნენ სხვებიც, რომელთა პოზიციაც არანაკლებ მტკიცე იყო. ის, რომ საქართველოს თემატიკა ნატო-ს დღის წესრიგში პრიორიტეტულია, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს. ამის მისაღწევად კი ნამდვილად იყო საჭირო სიმტკიცე, მათ შორის, კონსულტაციების დროს საქართველოსა და იმ ქვეყნების დიპლომატების მხრიდან, რომლებსაც სჯერათ, რომ ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ცხადია, არსებობენ სკეპტიკურად განწყობილებიც, რომელთა ხმა ასევე ისმის, მაგრამ მჯერა, რომ მტკიცე მიდგომით მიზნის მიღწევა შესაძლებელია. ჩემი აზრით, საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ამ კუთხით. მე ამას ვხედავ ნატო-ს შტაბ-ბინაში, მესმის ნატო-ს ზოგიერთი წევრისგანაც.

-დავუბრუნდეთ ანგარიშს, რომელშიც საუბარია, რომ შესაძლებელია, ნატო-ს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი შეიცვალოს და კონსენსუსი აღარ იყოს საჭირო…

არა, მე ამის წინააღმდეგი ვარ. ანგარიშში ძალიან ბევრჯერ არის აღნიშნული, რომ კონსენსუსი ნატო-ს საფუძველს წარმოადგენს. ამ საკითხზე მსჯელობისას ჩვენ შევთანხმდით, რომ როდესაც ნატო-ს უწევს რთული საკითხების გადაჭრა, აუცილებელია ამ თემების ღია განხილვა, რათა ეს მსჯელობა ყველამ მოისმინოს. ასევე, აუცილებელია პოლიტიკური ნება, რათა სახელმწიფოები მოიქცნენ ისე, როგორც ეს მოკავშირეებს ეკადრებათ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უმიზეზოდ არ დაიბლოკოს. ჩვენ ასევე გამოვდივართ რეკომენდაციით, რომ ასეთ შემთხვევაში, საკითხი გადაწყდეს მინისტრების დონეზე, ანუ როგორც ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, გადაწყვეტილების ბლოკირების პოლიტიკური ფასი გაიზრდება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კონსენსუსის უარყოფას. პირიქით, ჩვენ გვსურს კონსენსუსის გაძლიერება.

-როგორ ფიქრობთ, იმ პირობებში, როდესაც ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, შესაძლებელია, საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს?

არსებობს მეთოდები, რომლითაც რუსეთზე ზეწოლა შესაძლებელია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ და გამოწვევებით აღსავსე დროში. რუსეთს ძალიან ბევრ საკითხზე პოზიტიური თანამშრომლობა სურს. ასეთი საკითხია, მაგალითისთვის, გლობალური ვაჭრობა. რუსეთს სურს ვაჭრობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. 2016 წელს ნატო-ს ვარშავის სამიტზე გადაწყდა, რომ რუსეთთან გარკვეული დიალოგი აღდგება. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ნატო-ს ჰქონდა ხისტი რეაქცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და აგრესიაზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. რუსეთთან დიალოგი ახლაც მიმდინარეობს და ეს აუცილებელია ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობები ჩვეულ ფორმატში არ დაბრუნდება, ვიდრე რუსეთი არ დაიწყებს საერთაშორისო სამართლის აღსრულებას. რაც საქართველოში ხდება, ვგულისხმობ ბორდერიზციას, მკვლელობებს და სხვა ინციდენტებს, გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვა. უკვე აღარაფერს ვამბობ ყირიმის ანექსიაზე. რუსეთმა უარი უნდა თქვას აგრესიულ პოლიტიკაზე. იმედი მაქვს, საქართველოსთან თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ რუსეთზე გარკვეულ ზეწოლას. რუსეთზე ზეწოლა გრძელდება ევროკავშირის მხრიდანაც. ჩვენ ძალიან კარგად ვართ ინფორმირებული რუსეთის ქცევის შესახებ საქართველოში და ამას საერთაშორისო საზოგადოება გმობს.

-ასევე, მინდა გკითხოთ ნატო-ს სტრატეგიულ მიდგომაზე. ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, ვგულისხმობ მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროების დისლოცირებას, ნატო-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების შესახებ არაერთი განცხადება ისმის. როგორ ფიქრობთ, ამ ვითარებაში შესაძლებელია, რაიმე სახის გააქტიურება ვიხილოთ?

სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში ყველასთვის თვალსაჩინოა. თქვენ მართალი ბრძანდებით, მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების დისლოცირებით, რეგიონში უსაფრთხოების გარემო იცვლება. მე უკვე ვახსენე შესაძლებლობის ფანჯარა და აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ზოგჯერ რთულ სიტუაციაშიც შეიძლება, გაჩნდეს შესაძლებლობა, რათა გადაიჭრას ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც მანამდე რთული ჩანდა. ამ რთულ სიტუაციაში საქართველოს როლი და პოზიცია უკიდურესად მნიშვნელოვანია. ცხადია, საქართველოს სჭირდება ბევრი რეფორმა და ჩვენ ამ გზაზე გეხმარებით, მხარს გიჭერთ, მაგრამ საქართველო უკვე დიდი ხანია, არის ჩვენი სანდო და სტაბილური პარტნიორი. ახლა დროა, ერთ პოზიციაზე მყოფი ქვეყნების კონსოლიდაცია მოხდეს, რათა ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა საერთო საფრთხეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები