მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ მედიას: პასუხს ვერ მცემთ სად მეძებდით და ვერ მიპოვეთ, იმიტომ, რომ ეს ტყუილი და სპეკულაცია იყო – ასე ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, როცა შტაბურ სამუშაოზე ვარ გასული, ეს თქვენთვისაც ცნობილია და „ერთი კვირა მდინარაძე არ გამოჩნდა“ – ამაზე დააპირეთ ბინძური პიარის აგება
პასუხს ვერ მცემთ სად მეძებდით და ვერ მიპოვეთ, იმიტომ, რომ ეს ტყუილი და სპეკულაცია იყო, ან პარლამენტში ვარ, ან პარტიაში, ან ღამე სახლში მაქსიმუმ 6-7 საათის განმავლობაში. წინასაარჩევნო პერიოდში, ნახავთ 2020 წლის, 2017, 2016 წლის, 2024 წლის არჩევნებში, წინასაარჩევნო პერიოდში როცა მე შტაბის სამუშაოზე ვიყავი გასული, ყოველთვის ასე ხდება, ეს თქვენთვისაც ცნობილი ამბავია, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ სად იყო იგი „გამქრალი” ერთი კვირის განმავლობაში.
მისი თქმით, წინასაარჩევნო სამუშაო განრიგის შესახებ ყველასთვის ცნობილია, თუმცა, ოპონენტებმა მაინც დააპირეს სპეკულაციური ინფორმაციის გავრცელება.
მდინარაძემ აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ამბიციური მიზანი გააჩნია, რაც დიდ შრომას საჭიროებს, თუმცა, მმართველი გუნდი არ აპირებს არჩეულ კურსზე უარის თქმას ბრალდებებისა და დარტყმების მიუხედავად.
„ერთი კვირა მამუკა მდინარაძე არ გამოჩნდა – ამაზე დააპირეთ რაღაც ბინძური პიარის აგება. სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, ვერ მეუბნებით.
ლევან ხაბეიშვილი, ნოდარ მელაძე, „ტვ პირველი“ და ა.შ. აზღვევენ ვიღაცების შეკვეთით როგორც ჩანს, რაღაც კორუფციულ ჩანართებს სადღაც. ჩვენი გაცხადებული მიზანია და რაც უნდა დაგვაბრალონ, ამაზე ვერაფერი გვათქმევინებს უარს, ირაკლი კობახიძემ როგორც თქვა ეს, მას შემდეგ ამაზე ვართ გადაწყობილები, რომ კიდევ უფრო მძლავრად ვებრძოლოთ კორუფციას და წარმოიდგინეთ, რამდენად ამბიციური მიზანია და რამდენად დიდი შრომა სჭირდება ამას. რა თქმა უნდა, დარტყმები იქნება. გაცხადებული მიზანია, რომ მსოფლიო სამეულში უნდა მოვხვდეთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. როდესაც ამ საკითხს ასე დააყენებ და მერე კიდევ უფრო მეტად არის შენზე შეტევები, იქ ყველაფერი გასაგებია,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.