„ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობით” – მაკა ბოჭორიშვილი

”საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში შემდგარ პანელურ დისკუსიაზე – „ევროპისა და აზიის დაკავშირება: გზა პარტნიორობისა და კეთილდღეობისკენ”.

„ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობით. ეს საკვანძოდ მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ასევე ჩვენი რეგიონისთვის.

ამგვარი ეკონომიკური სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რადგან ევროკავშირში ინტეგრაცია მოითხოვს თანმიმდევრულ განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და უწყვეტ რეფორმებს.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს გარეშე, ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა რთული იქნება, ხოლო ძლიერი, ეკონომიკურად მდგრადი, მშვიდობიანი და სტაბილური ევროკავშირის შესახებ ხედვა – არასრული”, – განაცხადა მინისტრმა.

2025 წლის 11-12 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტით იმყოფება ხორვატიაში, სადაც ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრ გორდან გრლიჩ რადმანის მიწვევით დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმში მონაწილეობს. აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მონაწილეები რეგიონულ, ევროპულ და გლობალურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობენ.

კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ექსპერტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები