მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილი აზღვევს ვიღაცებს, ვისაც უნდა, რომ სახელმწიფო სისტემებში რაღაც დონეზე მაინც იყოს კორუფცია
,,როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილი აზღვევს ვიღაცებს, ვისაც უნდა, რომ სახელმწიფო სისტემებში რაღაც დონეზე მაინც იყოს კორუფცია. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, მისი ყველა წინადადება აზღვევს რაღაცას, ანუ, თუკი სადმე შეიძლება კორუფციული სქემა ამოვარდეს, ყველა მისი წინადადება შეიძლება იყოს ამისი დამზღვევი, რომ ვიღაცამ ზედმეტად არ ჩაიხედოს, რასაც აკეთებენ ახლა ნოდარ მელაძე, რასაც აკეთებენ სხვები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე ვარაუდით, ხაბეიშვილი, ნოდარ მელაძე და სხვები, დაინტერესებული პირების დაკვეთით აზღვევენ ჯერ კიდევ არსებულ კორუფციულ ჩანართებს, თუმცა, ხელისუფლების განცხადებული მიზანია კორუფციასთან კიდევ უფრო მძლავრი ბრძოლა და ამ კურსზე მათ უარს ვერაფერი ათქმევინებს.
„ნოდარ მელაძეს, თორნიკე რიჟვაძე საერთოდ არ აინტერესებს, რაც „ტვ პირველს“ უთქვამს, რაც მაგათ გაუკეთებიათ თორნიკე რიჟვაძეზე და ხაზგასმით ვამბობ – რაც დაუბრალებიათ, ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს – ასეთ გაწიწმატებულ ხალხს, რა თქმა უნდა, გავცემ პასუხს და და გამოვაქვეყნებთ საღამომდე, რაც დაუბრალებიათ ზოგადად „ნაცმედიიდან“, ყველაფერს გავუგზავნით.
ლევან ხაბეიშვილი, ნოდარ მელაძე, „ტვ პირველი“ და ა.შ., როგორც ჩანს, ვიღაცების შეკვეთით აზღვევენ რაღაც კორუფციულ ჩანართებს სადღაც. ჩვენი გაცხადებული მიზანია და რაც უნდა დაგვაბრალონ, ამაზე ვერაფერი გვათქმევინებს უარს, ირაკლი კობახიძემ როგორც თქვა ეს, მას შემდეგ ამაზე ვართ გადაწყობილები, რომ კიდევ უფრო მძლავრად ვებრძოლოთ კორუფციას და წარმოიდგინეთ, რამდენად ამბიციური მიზანია და რამდენად დიდი შრომა სჭირდება ამას. რა თქმა უნდა, დარტყმები იქნება, გაცხადებული მიზანია, რომ მსოფლიო სამეულში უნდა მოვხვდეთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. როდესაც ამ საკითხს ასე დააყენებ და მერე კიდევ უფრო მეტად არის შენზე შეტევები, იქ ყველაფერი გასაგებია.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.