დავით ჩიხელიძე: ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში საკუთარი თავი არ ამოუწურავს

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით.

მისივე განმარტებით, ცალკე აღნიშვნის ღირსია საქველმოქმედო პროექტები, რომელიც ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სწორედ ბიძინა ივანიშვილის უშუალო მონაწილეობითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი პოლიტიკაში ყოფნის წლები მრავალმხრივ საინტერესო იყო, მიუხედავად უამრავი სიძნელისა და ტურბულენტური რყევებისა შეძლო ქვეყნის სწორი მიმართულებით წაყვანა და განვითარება, განვითარების გზაზე სამწუხაროდ იყო უამრავი ხელისშემშლელი, ობიექტური, საქართველოსგან დამოუკიდებელი გარე და შიდა ფაქტორები, შიდა ფაქტორში გასათვალისწინებელია ოპოზიციად წოდებული, ადამიანთა გაერთიანება, რომელთაც ოპოზიციაში ყოფნა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ჰგონია…

ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით, რაც არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება, საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობასთან როგორც დღეს არის. აღნიშნული, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისა” და მისი (უკვე ყოფილი) თავმჯდომარის დამსახურებაა. 2012 წლის შემდეგ მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზირება, ნულს გაუტოლდა არაადამიანური მოქცევის ფაქტები, რაც წინა ხელისუფლების დროს სისტემურ ხასიათს ატარებდა და არაერთ ადამიანს ღვთისგან ნაჩუქარი სიცოცხლის უფლება, სწორედ წამებით და არაადამიანური მოპყრობით წაერთვა….

2012 წლის შემდეგ ბიზნესმა და ადამიანმა მოიპოვა ნანატრი თავისუფლება, რომელიც მანამდე მხოლოდ სიტყვები სიტყვებისთვის იყო, განსხვავებული აზრი კი რეპრესიისა და დევნის მიზეზი ხდებოდა, აღარ ხდება ბიზნესის რეკეტი და უმიზეზოდ ჩამორთმევა… მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი მოგვწონს თუ არა, ზემოთ თქმული გახლავთ ფაქტი, რომელსაც ვერ უარვყოფთ. ცალკე აღნიშვნის ღირსია საქველმოქმედო პროექტები, რომელიც ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სწორედ ბიძინა ივანიშვილის უშუალო მონაწილეობითქ და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ბატონ ბიძინას ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებ. ვთვლი, რომ მას ქართულ პოლიტიკაში საკუთარი თავი არ ამოუწურავს და აქვს რესურსი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, კვლავ შეიტანოს პოზიტიური წვლილი”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები