პაატა იმნაძე: 4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლია კორონავირუსზე გატესტილი და 0.7 % არის დადებითი, აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრეს ჩაუტარდა ტესტირება და მათში 0.9 %-ია დადებითი
“დაახლოებით 4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0.7 % არის დადებითი, აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრეა გატესტილი და მათში 0.9 %-ია დადებითი”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მონაცემები დამაიმედებელია, რაც აჩვენებს, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ.
„ძალიან საინტერესო მონაცემები გვაქვს დღეისთვის, დაახლოებით 4 000-ზე მეტი ტაქსის მძღოლი არის კორონავირუსზე გატესტილი და თუ არ ვცდები, ტაქსის მძღოლში დადებითი 0.7 პროცენტია. ასევე, 4 000-მდე აგრარული ბაზრის მოვაჭრეები არიან გატესტილები და მათში 0.9 პროცენტია დადებითი. საკმაოდ დამაიმედებელი მონაცემებია. ასევე ყველა კონფესიის რელიგიის მსახურებიდან 1 800 არის გატესტილი, იქაც დადებითობის მაჩვენებელი ერთ პროცენტამდეა. ასე რომ, ყველანაირ ჯგუფში ტესტირება გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ, მთავარია, ეს შევინარჩუნოთ, რათა როცა გავიხსნებით, მაქსიმალურად დაბალ ციფრებზე იყოს ყოველდღიური ავადობა და რამენაირად მესამე ტალღას გავეპაროთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.