ვლადიმერ ბოჟაძე: ივანიშვილის მოღვაწეობის უდიდესი მონაპოვარი სწორედ ის არის, რომ დღეს ,,ნაციონალები“ დემოკრატიაზე საუბრობენ
ბიძინა ივანიშვილი მეორედ წავიდა პოლიტიკიდან. ,,ქართული ოცნების“ ლიდერის 8-წლიანი მოღვაწეობის შესაფასებლად ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტს, ვლადიმერ ბოჟაძეს დაუკავშირდა:
-31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან ორიოდ თვეში გამარჯვებული პარტიის ლიდერი პოლიტიკას ჩამოშორდა. რატომ?
-გავიხსენოთ 2011 წლის შემოდგომა, 11 დეკემბერი, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება“ დაფუძნდა და ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა. გავიხსენოთ ისიც, როგორი სახელმწიფო გვქონდა 2011 წლამდე: ავტორიტარული მმართველობა, სუსტი, დანაწევრებული ოპოზიციითა და სამოქალაქო საზოგადოებით, სრულად კონტროლირებადი მედიით, დაშინებული ბიზნესითა და მოქალაქეებით, როდესაც ადამიანებს პირდაპირ ქუჩებში ხოცავდნენ. სწორედ ამ დროს შემოდის ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ახერხებს ერთ წელიწადში საქართველოს ხელისუფლების შეცვლას. დღემდე ამერიკელი კონგრესმენები საუბრობენ იმაზე, როგორ ,,ურჩიეს“ სააკაშვილს, მიეღო ხელისუფლებიდან წასვლის გადაწყვეტილება.
-ივანიშვილის 8-წლიანი მოღვაწეობის ყველაზე დიდ წარმატებად რას მიიჩნევთ?
-მე თუ მკითხავთ, ივანიშვილის მოღვაწეობის უდიდესი მონაპოვარი სწორედ ის არის, რომ დღეს ,,ნაციონალები“ დემოკრატიაზე საუბრობენ, ხუმრობით, რასაკვირველია. ის, რომ ქვეყანაში არსებობს თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი (სხვა საქმეა, რომ მათი უდიდესი ნაწილი კონტროლირებადია), ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია, განხორციელდა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც ქვეყანამ მრავალპარტიული პარლამენტი მიიღო, ივანიშვილის პოლიტიკური წარმატებებია.
-ივანიშვილმა მოახერხა და 3-ჯერ დაამარცხა ,,ნაციონალური მოძრაობა.“ ,,ქართული ოცნება“ იმავე გამარჯვების მოპოვებას პარტიის ლიდერის გარეშეც მოახერხებს?
-მგონია, რომ არც 2024 წელს გაუჭირდება ,,ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებას მოსვლა, ყოველგვარი კოალიციის გარეშე. ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს ერთხელ უკვე წავიდა პოლიტიკიდან, რასაც არჩევნებში გამარჯვებისთანავე აანონსებდა. პარტიაში მისი მეორედ დაბრუნება გარკვეულ პოლიტიკურ გადალაგებებს უკავშირდებოდა. მან დაალაგა სიტუაცია და კვლავ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა, პარტია დატოვა, როგორც ძლიერი სახელისუფლო ძალა, რომელიც მის გარეშეც შეძლებს ფუნქციონირებას.
-რა პოლიტიკური სიახლეები მოჰყვება ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას?
-არ მგონია, ამ სიახლეს სერიოზული ცვლილებები მოჰყვეს. პარტიის თვმჯდომარე, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე გახდება, კახი კალაძე 2021 წელსაც კვლავ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, ქვეყნის პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე კი უკვე ცნობილია. თუ პარტიაში მოხდება რებრენდინგი და სხვა ახალი სახეებიც გამოჩნდებიან, ეს სერიოზულ ცვლილებას არ უქადის ქართულ პოლიტიკას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2021 წელი სერიოზული გამოწვევების ხანა არ იქნება ,,ქართული ოცნებისთვის“, რომელსაც წინ აქვს ადგლობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პანდემია და, აქედან გამომდინარე, ის უმძიმესი ეკონომიკური შედეგები, რომელიც სწორედ ამ წელს იჩენს თავს.
-ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა სერიოზულად გაუადვილებს ხელისუფლებისთვის ბრძოლას ოპოზიციურ პარტიებს?
-ბოლოს და ბოლოს, დასრულდება საუბარი ,,ჩრდილოვან“ და ,,ოლიგარქიულ“ მმართველობაზე, რომელიც აქამდე მუდმივად გაისმოდა ოპოზიციურ სპექტრში. რასაკვირველია, ,,ქართული ოცნება“ დიდხანს იქნება წარმოუდგენელი ბიძინა ივანიშვილის სახელის გარეშე ისე, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშილის გარეშე, თუმცა, იქ პარტიის რებრენდინგს იწყებს ნიკა მელია და მათ ახალი ლიდერი ჰყავთ. ივანიშვილის წასვლა მმართველი პარტიისთვის დიდი გამოწვევა იქნება, თუმცა, ისტორიული ნაბიჯია, რომლის შემდეგაც გათანაბრდება პოლიტიკურ სუბიექტთა ველი. თუ აქამდე საკუთარ მარცხს ოპოზიცია ივანიშვილის ფაქტორს აბრალებდა, ახლა ვის დააბრალებენ, გახარიასა და კობახიძეს?
-,,ქართული ოცნების“ ლიდერი ქვეყნიდან წასვლასაც ხომ არ გეგმავს?
-ივანიშვილი ქვეყანაში რჩება, როგორც ქველმოქმედი და ღმერთმა არ ქნას, ისევ დაგვჭირდეს მისი ფაქტორის გამოყენება მთავარი პოლიტიკური პროცესების გადასაჭრელად.
-რას გულისხმობთ?
-მაგალითად, მმართველობის სათავეში კვლავ ,,ნაციონალების“ ერთპარტიულ დაბრუნებას.
-მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდის წინ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება შეთნხმების მიღწევის პროცესში?
-ივანიშვილი არც არასდროს ჩარეულა მოლაპარაკებათ პროცესში. მისი პარტიის ახალგაზრდა წევრები იყვნენ ამით დაკავებულნი. ივანიშვილი, როგორც ფაქტორი, მთავარი აღარ იქნება მოლაპარაკებათა პროცესში.
-იმ მოქალაქეებს, რომლებიც სერიოზულად ღელავენ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვკლის გამო, რას ეტყოდით?
-ვინც აქამდე ფიქრობდა, რომ ,,ბიძინა არ დაუშვებდა“ მთელ რიგ ნეგატიურ მოვლენებს ქვეყანაში, ახლა თავისი წილი პასუხისმგებლობა თავადვე უნდა აიღონ და იფიქრობ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი კი არა, თავადვე არ დაუშვან არაფერი ისეთი, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის მიუღებელი და დამღუპველი აღმოჩნდება.
ია დანელია