აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 13 000 ტონა ამერიკული ხორბალი მიიღო

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „საკვები პროგრესისთვის“ ფარგლებში, ფოთის პორტში 13 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბლითა და 4 000 ტონა სოიოს შროტით (მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში გამოყენებადი საკვები) დატვირთული გემი შემოვიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ხორბლის შემოტანის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ამერიკული ხორბალი ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის ქართულ ბაზარზე გასაყიდად. გაყიდვებიდან შემოსული თანხა სოფლის მეურნეობის, მათ შორის, მეცხოველეობის განვითარების პროგრამაში ჩაიდება.

„აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამა არა მარტო ხელს უწყობს გაუმჯობესდეს ქვეყანაში საკვების უსაფრთხოება და ხარისხი რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის წარმოებაში, არამედ ეხმარება კომპანიებს გაძლიერებასა და განვითარებაში. მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას დარგის განვითარებაში მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, მსგავსი ტიპის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები