ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა – ბოლო 72 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 60 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

უცხოური მედია წერს, რომ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა, კოვიდინფიცირების ჯამურმა მაჩვენებელმა კი 3 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 72 საათის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 60 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ლონდონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ჯანდაცვის სერვისების 21 ორგანიზაციული დანაყოფიდან, 16-მა უკვე გადალახა ე.წ. „უსაფრთხოების ბარიერი“. დედაქალაქის საავადმყოფოებში საწოლების 92% დაკავებულია, რაც თავისთავად ზეგავლენას ახდენს ჯანდაცვის სექტორის მომსახურების ეფექტურობაზე.

ჯანდაცვის ექსპერტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაიცვან რეგულაციები, რადგან ეპიდემიის შეკავება მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. „მოიქეცით ისე, რომ იცავთ თქვენს ძმებს, დებს, მშობლებსა და მეგობრებს“ – აცხადებენ ისინი. ასევე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინფიცირებულების მაჩვენებლის მატება ცალსახადაა დაკავშირებული დღესასწაულების აღნიშვნასთან და სხვადასხვა წრეების გაერთიანებასთან, ამიტომ, მოუწოდებენ მოქალაქეებს, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავებზე და დაეხმარონ ჯანდაცვის სექტორს, შეამცირონ ინფიცირების მაჩვენებელი. ცნობისთვის, 8 იანვარს, ერთ დღე-ღამეში, ბრიტანეთში კოვიდით დაინფიცირდა 69 053 ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყოველი 50 მოქალაქიდან ერთი ინფიცირებულია, ხოლო ლონდონში, ყოველი 30-დან ერთი.
დიდი ბრიტანეთის, ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ექიმების უდიდესმა ნაწილმა უკვე მიაღწია მათი შესაძლებლობების მაქსიმუმს.

“როგორც ჩანს, ინფიცირების მაჩვენებელი მზარდი იქნება იანვრის ბოლომდე. ასეთ გამოწვევასთან გამკლავება კი ჯანდაცვის სექტორს ძალიან ტვირთავს. ექიმები მიდიან სახლებში დასასვენებლად, თუმცა, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია, ვერ ახერხებენ ძილსაც კი და უკან ბრუნდებიან სამუშაოდ ისევ გადაღლილები“- აცხადებენ ისინი.

ჯანდაცვის ექსპერტები დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სადღესასწაულო პერიოდს უკავშირებენ. ოფიციალური ინფორმაციით, ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის ზრდასრულთა 44% შობას სხვადასხვა წრეში აღნიშნავდა. ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი ცდილობენ მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ თითოეულ პაციენტს, თუმცა, მათივე განცხადებით, „სრულიად აშკარაა, რომ ჩვენს შესაძლებლობებსაც აქვს ლიმიტი. ექიმები მობილიზებული არიან იმ პაციენტებზე, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებენ. შესაბამისად, ყურადღება აკლდებათ იმ პაციენტებს, რომლებიც არ არიან საავადმყოფოებში“ – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები