მიხეილ ადეიშვილი: 2021 წელს ქართული ეკონომიკა 2019 წლის დონეს დაუბრუნდება

2021 წელს პანდემიის ფონზე მსოფლიო ეკონომიკაში მომხდარ ცვლილებებსა და ახალ ხედვებზე, ქართული ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გზებსა და ინფლაციის მაჩვენებელზე ,,კვირა“ ეკონომიკის დოქტორს, მიხეილ ადეიშვილს ესაუბრა:

-2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი კატაკლიზმების წლად აღინიშნა. რა გზით უნდა გაუმკლავდეს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ამ მოცემულობას, როგორია ეკონომიკური პროგნოზები?

-ამ დღეებში გამოქვეყნდა ,,მსოფლიო ბანკისა“ და ,,სავალუტო ფონდის“ ეკომომიკური პრიგნოზი, რომელიც სერიოზულ კვლევებს ეფუძნება. ამ მონაცემების გათვალისწინებით, 2021 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 4% იქნება.

-2020 წლის ეკონომიკური ვარდნა 2019 წელთან შედარებით 4,3% იყო, ესე იგი, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 2019 წლისას გაუთანაბრდება?

-ახლა მსოფლიოსთვის მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური მაჩვენებლები 2019 წლისას გაუთანაბრდეს, ყველაფერი დაჩქარებულ და მასობრივ ვაქცინაციაზეა დამოკიდებული. აუცილებელია, ვაქცინა ყველა ქვეყანასა და მათში მოწყვლად ჯგუფებზე რაციონალურად გადანაწილდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მსოფლიო ეკონომიკის 4%-იანი ზრდა. თქვენ წარმოიდგინეთ, 2020 წელს ჩინეთში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2% იყო. 2021 წელში კი, ექსპერტთა ვარაუდით, ის 7, 9% იქნება.

-როგორ შეძლო ვირუსის წარმომშობმა ქვეყანამ მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლის შენარჩუნება?

-ჩინელებმა მოახერხეს ვირუსის კერების სწრაფი ლოკალიზება ისე, რომ ,,კოვიდ 19“-ის გავრცელების მეორე ტალღა ქვეყანაში, ფაქტობრივად, არც ყოფილა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2020 წელს 3,6%-ით შემცირდა, 2021 წელს კი ამ მაჩვენებლის 3,5% ზრდაა მოსალოდნელი. ევროპის ზონაში ეკონომიკა 7,4%-ით შემცირდა, 2021 წელს მისი ზრდა 3,6%-ითაა ნავარაუდევი. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, აქ 2020 წელს ეკონომიკური პარამეტრების ზრდის მაჩვენებელი მინუს 5% იყო, 2021 წელს ამ მაჩვენებლების ზრდა 3,5%-ითაა ნავარაუდევი.  სამხრეთ აფრიკაშიც კი, ,,მსოფლიო ბანკის“ მონაცემებით, 2,7%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალადნელი. სხვათა შორის, მსოფლიო ბანკმა განვითარებადი ქვეყნებისათვის 12 მილიარდი დოლარი გამოყო კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად.

-ეკონომიკური მაჩვენებლებით 2021 წელს როგორი მდგომარეობა გვექნება საქართველოში?

-ამავე ინსტიტუციების ექსპერტთა პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური პარამეტრების ზრდის 5%-იანი ზრდა. ასე რომ, 2021 წელს 2019 წლის მონაცემებზე გავალთ.

-რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს?

-2020 წელს საქართველოში ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის წლიური მაჩვენებელი 5,3% იყო. 2021 წელს კი-2,5%-ია ნავარაუდევი. მინდა, შეგახსენოით ჩვენი უახლესი ეკონომიკური ისტორიის ყველაზე მძიმე სტატისტიკა: 1992 წელს, 1990 წელთან შედარებით, მშპ შემცირდა 45%-ით! ეს შედარება სიტუაციის განცდას გვიმსუბუქებს, თუმცა, რასაკვირველია, საქართველოს ღარიბი მოქალაქეებისათვის ახლანდელი, შედარებით მცირე ვარდნაც მტკივნეულია. მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებს საქართველო ვერც გაემიჯნებადა არც პესიმიზმის საფუძველი გვაქვს.

-გრძელვადიან პერსპექტივებში რა მოლოდინი შეიძლება, გვქონდეს?

-ჩვენ პანდემია უნდა გამოვიყენოთ საკუთარი ეკონომიკის მეტი დამოუკიდებლობისა და მეტი თვითკმარობისთვის. აუცილებელია სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება ეკონომიკაში. მაგალითად, ტურიზმზე ზედმეტად დამოკიდებულება არ ვარგა. ეკონომიკის ეს სექტორი არაგანმავითარებელი და მყიფეა, ამასთანავე, ნაკლები დამატებითი ღირებულების შემქმნელი, მრეწველობასთან შედარებით. ფულის დიდი ნაწილი, რაც ტურიზმს შემოაქვს, ისევ უკანვე გაედინება.

-რა მექანიზმით?

-ტურისტს სჭირდება საკვები, ისეთი ელემენტარული საყოფაცხოვრებო პროდუქტები, როგორებიცაა, მაგალითად: საპონი, შამპუნი,ზეწარი, სარეცხი სასუალებები, საშენი მასალები და აღჭურვილობა სასტუმროებისთვის… მათი დიდი ნაწილის წარმოება საქართველოში არ ხდება, ამიტომაც, კვლავ უცხოეთში ვხარჯავთ ვალუტის დიდ ნაწილს, რომელიც ქვეყანაში ტურიზმის სფეროდან შემოდის. ამიტომ, მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემების გათვალისწინებით, ტურიზმის წილი შედარებით მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევდიან პერიოდში დასაქმებას უწყობს ხელს, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის განმავითარებელ დარგად ვერ გამოდგება.

-მრეწველობა ის დარგია, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული ქვეყანაში. უახლოეს მომავალში რამდენადაა შესაძლებელი სფეროს ხელშეწყობა?

-მრეწველობა ყველა ქვეყანაში მყარი და სანდო სფეროა. ის ეფუძნება განათლებასა და მეცნიერებას, კვალიფიციურ კადრებს. აუცილებელია, მრეწველობა საქართველოშიც პრიორიტეტული დარგი გახდეს, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში მრეწველობის განვითარების საფუძველი არსებობს მაგალითად ისეთ დარგებში, როგორიცაა კვების მრეწველობა, საშენი მასალების წარმოება, ქიმიურ მრეწველობა და სხვ. ორი დღის წინ თბილისის საავიაციო ქარხანამ დააანონსა უპილოტო საფრენი აპარატების სერიული წარმოება. ამ მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარება, ისევე როგორც მაგალითად ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება, სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. ინდუსტრიული სფეროების განვითარებით ქვეყნის ეკონომიკა მყარი და თვითკმარი გახდება, სწორედ ამ გზით უნდა ვიაროთ. თუმცა, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკის რაოდენობრივი მახასიათებლები, არამედ – სოციალური და ეკოლოგიური მხარეც, ანუ მიზანი უნდა გახდეს მდგრადი განვითარება.

-რას გულისხმობთ?

-ქვეყანაში მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი არ უნდა მდიდრდებოდეს. დღეს საქართველოში საშინლად დიდი უთანაბრობა შეინიშნება მდიდარ და ღარიბ ფენებს შორის. მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი თითქოს თამაშგარე მდგომარეობაშია აღმოჩენილი. ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ასპექტები ჰარმონიულად უნდა ვითარდებოდეს. ამაზე ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და თვისობრივი ცვლილებები განახორციელოს ეკონომიკაში, რასაც თავისუფალი ბაზარი ვერ უზრუნველყოფს.

-სახელმწიფო ცდილობს, ეკონომიკურ პროცესებში რაც შეიძლება ნაკლებად ჩაერიოს და ყველაფერი თავისუფალ ბაზარს მიანდოს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო…

-ეკონომიკის განვითარებაში სახელმწიფო უზარმაზარ როლს ასრულებს და ბაზრის პირობებში მესაჭის როლს ითავსებს, რაც მეცნიერულად დამტკიცებულია რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე. პანდემიამ დაგვანახა, რამდენად დიდია სახელმწიფოს როლი კრიზისულ სიტუაციებში. ხელისუფლება იმის გარანტორი უნდა იყოს, რომ ქვეყანა სწორ გზას არ ასცდეს და კრიზისებსაც თავი აარიდოს. პანდემიის პირველი ტალღისთანავე საქართველოში ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა, თუმცა, შემდეგ დაუშვა შეცდომებიც. უკვე საარჩევნო პროცესში დავინახეთ ინფიცირებულთა რიცხვის საგანგაშო მატება. ეს არ უნდა დაგვეშვა.

-არჩევნები მოქალაქეთა დემოკრატიული უფლებაა და მათ ეს უფლება სახელმწიფომ არ შეუზღუდა…

-პირველ ყოვლისა, მოქალაქეთა სიცოცხლის უფლება იყო გასათვალისწინებელი და არა – საარჩევნო. თუ სიცოცხლის უფლებას ვერ ვიცავთ, სხვა რომელი უფლების დაცვას მოვახერხებთ? ვითომ დემოკრატიულ პროცესებს გამოვედევნეთ და საბოლოოდ ასეთი შედეგი მივიღეთ. ინფიცირებულთა რიცხვის ასეთი მატება აშკარად არჩევნების ბრალია. იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები ჩატარდა, მაგალითად, აშშ-სა და ჩეხეთში, ინფიცირებულთა რაოდენობამ მრავალჯერადად მოიმატა, საქართველოში კი – 150-ჯერ…

-ლარის კურსის ცვალებადობაზე ყველაზე მეტად რომელი ფაქტორები მოქმედებს?

-კურსის მყიფეობისა და არასაიმედოობის მიზეზი საგადამხდელო ბალანსის დეფიციტია. ქვეყანაში ვალუტის შემოდინება იმაზე ნაკლებია, ვიდრე, გადინება. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ბევრს ვყიდულობთ და ცოტას ვყიდით. თუ არც უცხოური ინვესტიცია შემოვა და ვერც ვერაფერი გავყიდეთ, როგორ ამოვავსებთ სავალუტო ხარვეზს? სწორედ ამაზეა დამოკიდებული ლარის კურსიც. საქართველო დღეს პურის ფქვილიდან დაწყებული უბრალო წინდით დამთავრებული ყველაფერს უცხოეთში ყიდულობს, აგრეთვე, ემსახურება საგარეო ვალს, რომლის ნაწილიც წელსვე უნდა გაისტუმროს. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს ლარის კურსს. თუ ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებები არ განხორციელდა, სტაბილური ლარის კურსს არ უნდა ველოდეთ. საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ბიზნესი უნოდბლად არ უნდა განაწყოს და არც მოსახლეობაში დათესოს უარყოფითი მოლოდინები. მოვლენები პროგნოზირებადი უნდა იყოს. ლარის კურსი მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. არსებობს ლარის კურსის გამყარების სხვა, უფრო მკაცრი ბერკეტებიც, მაგალითად, იმპორტის შერჩევითი შეზღუდვის გზითაც კი.

-პოლიტიკური სტაბილურობა რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე?

-შიდა და გეოპოლიტიკურ ვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური სტაბილობისთვის. თუ სიტუაცია არაპროგნოზირებადი და არასტაბილურია, ინვესტორები სიფრთხილით მოეკიდებიან ქვეყანაში ფულის დაბანდებას, ბიზნესის დაგეგმვა-გაფართოებას. დღეს შეიმჩნევა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას ,,იმედის თვალით“ უყურებენ, როგორც ძალაუფლების მოპოვების ერთ-ერთ მთავარ „მოკავშირეს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები