ანდრია გვიდიანი: ტარიფის სუბსიდირება მოსახლეობასა და ენერგოკომპანიების ინტერესებს შორის არსებული ოქროს შუალედია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ენერგოგამანაწილებელი კომპანიებისთვის განახლებული ტარიფები დაადგინა. როგორც პრემიერმინისტრმა განმარტა, სახელმწიფო დაასუბსიდირებს ტარიფებს შორის სხვაობას იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ.

ასევე, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს წყალმომარაგების ტარიფის სხვაობის დაკომპენსირებას თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, სოციალურად დაუცველებისთვის.

საკითხთან დაკავშირებით ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ტარიფების სუბსიდირების გადაწყვეტილება დროულია, რაც მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის, ისე – ენერგოკომპანიების ინტერესებისთვის.

“პირველ ყოვლისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ენერგოკომპანიებს გამართულად მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა. სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მარეგულირებელი კომისია ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ენერგოკომპანიები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ და ისინი ვერ შეძლებდნენ საიმედოდ ფუნქციონირების გაგრძელებას.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, რაც მთავრობის პრეროგატივაა. შესაბამისად, მთავრობამ მიიღო ტარიფების სუბსიდირების გადაწყვეტილება იმ ჯგუფებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ტარიფის სუბსიდირება მოსახლეობას და ენერგოკომპანიების ინტერესებს შორის არსებული ოქროს შუალედია. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, მოსახლეობისთვის ტვირთის შემსუბუქების თვალსაზრისით, ხელისუფლება ადეკვატურად რეაგირებს და დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამ რეაგირებათა ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები