ათეა-ს მხარდაჭერით, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას 14 მუნიციპალიტეტი შეუერთდა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას 14 ქართული მუნიციპალიტეტი შეუერთდა. როგორც ,,კვირას” ათეადან აცნობეს, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად, აღმოსავლეთ საქართველოდან – ნინოწმინდის, მცხეთის, თიანეთის, გარდაბნისა და ბოლნისის, ასევე ყვარლის, ასპინძის, ახმეტისა და გორის მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა, ხოლო დასავლეთ საქართველოდან – სენაკის, ამბროლაურის, ცაგერის, წყალტუბოსა და ფოთის თვითმმართველი ერთეულების მერებმა მოაწერეს ხელი.
აღნიშნული ცერემონიალი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ, გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებების 2020 წლის შემაჯამებელ ონლაინ კონფერენციაზე მოეწყო, რომელშიც, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, დარგის ექსპერტები და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, ასევე, ადგილობრივი და საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
როგორც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“, კოორდინატორმა – ნათია ღვინაშვილმა შეხვედრაზე განმარტა, დოკუმენტის ვალდებულებების განსახორციელებლად, თითოეული ხელმომწერი მხარე ვალდებულია შეადგინოს თანასწორობის სამოქმედო გეგმა, სადაც განსაზღვრული იქნება ის პრიორიტეტები, ქმედებები და რესურსები, რომლებიც მიზნის მისაღწევადაა საჭირო.
ფართომასშტაბიან კონფერენციაში, იმ თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი პირებიც ჩაერთნენ, რომლებიც ქართული მუნიციპალიტეტებიდან პირველები შეუერთდნენ და ხელი მოაწერეს ევროპის ქარტიას და ადგილობრივ დონეზე, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ქარტიის ხელმოწერამდე, პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრები, სადაც ნათია ღვინაშვილმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ევროპული ქარტიის პრინციპები და აღნიშნული პროექტის მიზნები გააცნო, რომლებიც რეგიონებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელებას გულისხმობს.
პროექტს – „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“, ათეა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის – „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ახორციელებს.