თამარ გაბუნია: ევროკავშირის ხელშეწყობით ახალ სტრატეგიულ გეგმაზე ვმუშაობთ

“ჯანდაცვის სამინისტრო, ევროკავშირის ხელშეწყობით, ახალ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს, რომელიც იქნება გზამკვლევი უნივერსალური ხელმისაწვდომობის ჯანდაცვის მიზნების მიღწევისთვის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამინისტროს ერთი წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ მისაღწევ მიზნად ყველასთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა რჩება.

ამასთან, გაბუნიას თქმით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების ფონზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა.

“დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა ერთი წლის მუშაობის ანგარიში. გასული წელი მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების, არამედ იმ გამოწვევების გადაწყვეტის კუთხით რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო სისტემური რეფორმების თვალსაზრისით, რაც ითვალისწინებდა როგორც პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუციების და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის დაფინანსების მექანიზმების გამართვას და სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებას. შედეგები უკვე ძალიან თვალსაჩინოა, ცვლილებები განხორციელდა პირველად ჯანდაცვაში სელექტიური კონტრაქტირების, ასევე ოჯახის ექიმების და ექთნების გადამზადების კუთხით და კიდევ უფრო მეტი ცვლილებები იგეგმება სამომავლოდ. ჯანდაცვის სამინისტრო ევროკავშირის ხელშეწყობით მუშაობს ახალ სტრატეგიულ გეგმაზე, რომელიც იქნება გზამკვლევი, უნივერსალური ხელმისაწვდომობის ჯანდაცვის მიზნების მიღწევისთვის და რაც მთავარია ყველასთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა რჩება მთავარი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღწეს მომდევნო პერიოდის გეგმებში და სამოქმედო აქტივობებში, რაც რა თქმა უნდა, ემსახურება მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს ის ფაქტი, რომ მობილობა პირდაპირ უკავშირდება კორონავირუსის შემთხვევების კლებას ან მატებას. ჩვენ ძალიან თვალსაჩინო შედეგი მივიღეთ მიმდინარე შეზღუდვების ფონზე და შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა. ერთი კვირა ჩვენ ალბათ კიდევ ვნახავთ მონაცემების დაკლებას, თუმცა მომატებული მობილობა ისევ და ისევ შესაძლოა იყოს შემთხვევათა მატების მიზეზი, განსაკუთრებით სტუმრიანობა საახალწლო დღეებში. კარგია ის, რომ სავაჭრო ობიექტებში ძირითადად წესები დაცულია, რაც თავისთავად არის დაცვის კარგი საშუალება და ნაკლებად არის ამ მხრივ რისკები მოსალოდნელი, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ საახალწლო პერიოდი იმისთვის, რომ არ მივიღოთ მონაცემთა მატება, რაც შემდეგ პირდაპირ დაუკავშირდება მძიმე შემთხვევების ზრდას და სიკვდილიანობის მატებასთანაც გარკვეულწილად ესეც იქნება დაკავშირებული, ამდენად ფრთხილად უნდა გავიაროთ ეს პერიოდი”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები