ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტირების სიმცირეს უკავშირდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტირების სიმცირეს უკავშირდება.
გამყრელიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის კლება აღინიშნება.
„კორონავირუსის ახალი შემთხვევების ასეთი ვარდნა, ძირითადად, დაკავშირებულია შაბათ-კვირას ტესტირების შემცირებასთან, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. შაბათ- კვირას სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა იკლებს. თუმცა, ზოგადად, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში აღინიშნება ინფიცირების მაჩვენებლის კლება. ეგრეთ წოდებული ყველა ინდიკატორით, რომელიც დაკავშირებულია შვიდ დღიან ინციდენტობასთან, საშუალო ინციდენტობასთან, 14-დღიან ინციდენტობასთან, 14-დღიან კუმულაციურ ინციდენტობასთან, ყველა მაჩვენებელი უკვე ქვემოთ არის წამოსული. ახალი შემთხვევების განვითარების მრუდს რომ შეხედავთ და გადაიყვანთ მას 100 ათას მოსახლეზე, ნახავთ, რომ უკვე ქვემოთ მოვდივართ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 2 766 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.