დავით მაღრაძე: ეს განსაცდელი შეიძლება, ადამიანისთვის იქცეს შანსად თავადაც შეიცვალოს და მსოფლიოც შეცვალოს
“ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში უცებ ასე უსუსურად წარმოჩნდებოდა მსოფლიო პანდემიის წინაშე. შექმნილ ვითარებაზე ერთის თქმა შეიძლება – ძველი წესრიგი იცვლება”, – ამის შესახებ პოეტი, დავით მაღრაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, მსოფლიოში არსებული ვითარება შეიძლება, ადამიანისთვის იქცეს შანსად თავადაც შეიცვალოს და მსოფლიოც შეცვალოს.
“ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში უცებ ასე უსუსურად წარმოჩნდებოდა მსოფლიო პანდემიის წინაშე. შექმნილ ვითარებაზე ერთის თქმა შეიძლება – ძველი წესრიგი იცვლება, მაგრამ არავინ იცის, როგორ იქნება ახალი მსოფლიო. ვხედავთ იმასაც, რაც გუშინ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემად მიგვაჩნდა, დღეს მეასეხარისხოვნად იქცა. პრობლემურ ყოველდღიურობაში ჩაფლულ ადამიანს ჰორიზონტი ეკარგება, სივრცეს ვეღარ აღიქვამს, მისი თვალსაწიერი ვიწროვდება, ამგვარი განსაცდელი კი ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანი მიისწრაფვის ამპარტავნებისა და ყოვლისშემძლეობისკენ და როცა ამპარტავნება მოიცავს სამყაროს და გაუსაძლისი ხდება ამის ატანა, განგება მოუვლენს ხოლმე ადამიანს განსაცდელს, რათა მისი უმწეო მდგომარეობა დაანახოს, რომ ამ ამპარტავნებაში არ დაკარგოს ის სახე, ზნეობა, რომლითაც ღმერთმა შექმნა. როგორც წესი, განსაცდელით გამოწვეული უმწეობა თავმდაბლობას ახსენებს ადამიანს, ახსენებს გულისხმიერებას, გაჭირვებულ მოძმეს… ამიტომ, მიუხედავად იმ ტკივილისა, იმ მსხვერპლისა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ, ვფიქრობ, ეს ვითარება შეიძლება, ადამიანისთვის იქცეს შანსად თავადაც შეიცვალოს და მსოფლიოც შეცვალოს. ვფიქრობ, განსაცდელი გულისხმიერების მობლაგვებულ რეცეპტორებს გაგვიმძაფრებს, გვაპოვნინებს ერთმანეთისკენ სავალ გზას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ გზაზე ერთხელ გავივლით და დასრულდება – ჩვენ უკვე გადავრჩებით. არა, ყოველდღე ახლიდან იბადება ადამიანი და საკუთარ თავში ახლიდან უნდა ეძიოს ის საგულისხმო, მნიშვნელოვანი თვისებები, რომელთაც ყოველდღიური რუტინა გვავიწყებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ და ვიცოდეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ კეთილი ბოროტზე ვერ გაიმარჯვებს. ეს მარადიული ბრძოლაა და ჩვენ რომელ მხარეს დავიკავებთ, გულისხმიერების თუ გულგრილობის, ეს უკვე ინდივიდუალური არჩევანია. ჩემი აზრით, ეს გლობალური კრიზისი სამყაროში გამოწვეულია ჩვენი ეპოქის მახასიათებელი ნიშნით, რომელიც ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ჩვენმა ეპოქამ ცუდისა და კარგის გარჩევის გამოცდილებაზე თქვა უარი, რასაც ღირებულებათა ზნეობრივი სისტემის აღრევა მოჰყვა”, – აცხადებს მაღრაძე.