შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა – ამოღებულია ნახევარ კილომდე ნარკოტიკი „ალფა პვპ“

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ს.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს”,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები: ნახევარ კილომდე “ალფა პვპ,” ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

“ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება “ალფა პვპ”-ს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები