არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში ყოფილიყო 9 პოლიტიკური პარტია და მათ ერთად ემუშავათ

„მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა სხვადასხვა პარტიას მისცეს ხმა, აირჩიეს სტაბილური მმართველობა და არა – დესტაბილიზაცია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ  გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

„ჩვენი ისტორია გვარწმუნებს ერთადერთში, რომ ის, რაც ხალხს სურს, აუცილებლად მოხდება. საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში ყოფილიყო 9 პოლიტიკური პარტია და რომ მათ ერთად ემუშავათ და ერთად მიეღოთ გადაწყვეტილებები. საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ პანდემია არ იყო ის ფაქტორი, რომელიც ხელს შეუშლიდა არჩევანის გაკეთებაში და, მიუხედავად პანდემიისა, ორი მილიონი მოქალაქე მივიდა არჩევნებზე.

საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ მეტი ქალი ყოფილიყო პარლამენტში და გადაწყვიტა, რომ პარლამენტს ჰქონოდა ზედამხედველობისა და კანონშემოქმედების ეფექტური ინსტრუმენტები. ამის შემდეგ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ავრევთ ქვეყანას, თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები და ამის მხარდასაჭერად მოუწოდა ყველას, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას.

რამდენი ადამიანი მოვიდა ამ იდეის მხარდასაჭერად – მხოლოდ, 6, 7 ათასი მოქალაქე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მისცეს ხმა ჩვენმა მოქალაქეებმა, აბსოლუტურად ყველა მოქალაქის, მთელი საზოგადოების გადაწყვეტილება მკაფიოა – მათ თქვეს, რომ პროცესები უნდა იყოს პარლამენტში და პოლიტიკა უნდა გაკეთდეს პარლამენტში და არა – ქუჩაში, რაც ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველამ, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა სხვადასხვა პარტიას მისცეს ხმა, აირჩიეს სტაბილური მმართველობა და არა – დესტაბილიზაცია. მჯერა, რომ ეს არჩევანი შესრულდება, “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები