საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM-აკადემიის მოსწავლეების გამოგონება ექიმებში კორონავირუსით დაიფინცირების რისკს ამცირებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენთან არსებული STEM-აკადემიის წევრების ახალი გამოგონება ექიმებში კორონავირუსით დაიფინცირების რისკს ამცირებს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სტუ-ის STEM-აკადემიის გამოგონება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულია. ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტი – „დისტანციური დიაგნოსტიკა“ კონკურსში მესამე ადგილზე გავიდა და 2000 ლარის ოდენობის ფულადი პრემით დაჯილდოვდა.

მოსწავლე-გამომგონებლების პროექტი სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენთან არსებული STEM-აკადემიაში პროფესორ დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით მომზადდა და კოვიდ 19-ის გამოწვევების საპასუხოდ, მედიკოსების შრომის შესამსუბუქებლად შეიქმნა.

„2020 წლის დასაწყისიდან, ყველას საერთო ინტერესი შეუჩერებელ ვირუსთან ბრძოლა გახდა. შესაბამისად, ეს მოვლენა არც ჩვენ გამოგვრჩენია. ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესორ დავით სონღულაშვილის STEM-აკადემიაში აქტიური სასწავლო პროცესის შემდეგ, მე და აკადემიის ორმა მოსწავლემ – გელა კუხიანიძემ და ნინიკო შარიამ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროექტი, რომელიც მედიკოსების შრომას შეძლებისდაგვარად გაამარტივებდა. შევქმენით მოწყობილობა, რომლის მეშვეობით მედიკოსების დაინფიცირების რისკი მინიმუმამდე მცირდება. ხელსაწყო უზრუნველყოფს პაციენტის დისტანციურ დიაგნოსტიკას. ექიმს საშუალება ეძლევა მიიღოს ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა. მონაცემები მუდმივ რეჟიმში ახლდება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტთან შეინიშნება საეჭვო ცვლილება, ის გამოეყოფა სხვა პაციენტების სიას და სამედიცინო პერსონალი მდგომარეობის გართულების შესახებ ინფორმაციას იღებს“, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი გეგა შავდათუაშვილი.

როგორც სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის პროფესორი დავით სონღულაშვილი აღნიშნავს, გიმნაზია „აია-GESS“-ის მეათე კლასის მოსწავლე გეგა შავდათუაშვილი, პროექტის მონაწილე ორ გამომგონებელთან ერთად, რამდენიმე წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM-აკადემიის წევრია. მათ უკვე გააჩნიათ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება და სერიოზული პროექტებს ქმნიან.

„პროექტი ორიენტირებულია იმ ძირითადი სამი სიმპტომის შემოწმებასა და გამოვლენაზე, რომელიც კოვიდ-19-ს ახასიათებს, ესენია: ტემპერატურა, პულსაცია, ქიპოქსია და სატურაცია. იზოლაციაში მყოფ თითოეულ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ მოწყობილობის თითზე მორგება სჭირდება. მდგომარეობის მონიტორინგი კი ავტომატურ რეჟიმში, მედიკოსის მიერ ხდება. სასიხარულოა, რომ STEM-აკადემიის წევრები იმდენად მოტივირებულნი არიან, რომ სამომავლო პროექტებიც გაწერილი აქვთ“, – განმარტავს პროფესორი დავით სონღულაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM-აკადემიის წევრ გეგა შავდათუაშვილს სამომავლო საქმიანობის სფერო უკვე არჩეული და არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„სამომავლოდ ვაპირებ ამ მიმართულებას გავყვე, ვაპირებ შევქმნა სხვადასხვა საჭირო და საინტერესო პროექტი. უკევ ვიცი, რომ ტექნიკური სფერო ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ცოდნის გაღრმავებაში ტექნიკური უნივერსიტეტის STEM-აკადემია და იქ არსებული საინტერესო და ინოვაციური მასალები მიწყობს ხელს. უკვე განსხვავებული თვალით ვუყურებ ფიზიკის, მათემატიკისა და სხვა ტექნიკური საგნების მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც წიგნში მხოლოდ წინადადებების სახით არის მოცემული. STEM-აკადემიაში ბატონი დავით სონღულაშვილის მიერ შექმნილი რესურსებით, მათ შორის, რეალურ- ვირტუალური ლაბორატორიის დახმარებით ვსწავლობ ფიზიკას, ქიმიასა და სხვა ტექნიკურ საგნებს. ცხადია, ამ მასალებით ტექნიკური საგნების შესწავლა გაცილებით ხალისიანი, საინტერსო და გასაგებია, ვიდრე ეს სახელმძღვანელოებში მოცემულ მშრალ მასალებში. STEM-აკადემიაში გაწევრიანებიდან რამდენიმე თვეში, მე, მარიამ ნინუამ და ბაია გრძელიშვილმა, დავით სონღულაშვილის მენტორობით, დავიწყეთ პირველ პროექტზე მუშაობა, რომელსაც „რობოტობენდი“ დავარქვით. პროექტი რეალურ რობოტ-ქსილოფონისტსა და ვირტუალურ დირიჟორს წარმოადგენს, რომლებსაც შერჩეული კომპოზიციის შესრულება და დამახსოვრება (სწავლა) შეუძლიათ. 2019 წელს პროექტი „რობოტობენდი“ წარვადგინეთ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსზე, სადაც მესამე ადგილი დავიკავეთ. სწორედ ამ გამარჯვების შედეგად, გუნდის თითოეულ წევრს თიბისი ბანკისგან სტიპენდია დაგვენიშნა. რა თქმა უნდა, ამ წარმატებამ უფრო დიდი მოტივაცია მომცა მესწავლა მეტი, გამეღრმავებინა ცოდნა და შესაძლებლობები“, – ამბობს გეგა შავდათუაშვილი.

ცნობისათვის, ნორჩ გამომგონებელთა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ყველაზე პოპულარული ტრადიციული კონკურსია, რომელიც 10 წელია ტარდება. კონკურსის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაცია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივებაა. კონკურსი ღია კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები