ლევან დავითაშვილი: გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს
„ჩვენთვის ძალიან მძიმეა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდვებს უკავშირდება. გვესმის, რომ სოციალური სამართლიანობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა.
როგორც მან განმარტა, მოლებში მეტადაა შესაძლებელი რიგების კონტროლი, წესრიგისა და სანიტარიული ნორმების დაცვა. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა მოლებს განესაზღვრათ. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი წესები დაირღვა, პრემიერის მიერ მყისიერი რეაგირება დაევალა შრომის ინსპექციას.
„მეორე დახმარების პაკეტით ბაზრობებზე მომუშავე ადამიანების სოციალურ კომპენსირებას ვითვალისწინებთ. გვესმის, რომ ამ ადამიანებს ეკონომიკურად ვაზიანებთ, მაგრამ შეზღუდვების გადაწყვეტილებები ეფუძნება ეპიდემიოლოგების რჩევებს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.