თამთა მეგრელიშვილი: სახელისუფლებო გუნდის კანონით ნაკარნახევი გაბედული ნაბიჯები სულ სხვაგვარ პოლიტიკურ რეალობას შექმნის
“მჯერა, სახელისუფლებო გუნდის კანონით ნაკარნახევი გაბედული ნაბიჯები სულ სხვაგვარ პოლიტიკურ რეალობას შექმნის”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვით პარტიების დაფინანსების წესსა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს გადაეგზავნება.
როგორც იურისტი მიიჩნევს, სახელისუფლებო გუნდის გაბედული ნაბიჯები სულ სხვაგვარ პოლიტიკურ რეალობას შექმნის.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის პოლიტიკური სტრატეგია რევოლუციურ სცენარს ვერ სცდება და 2003 წლის რევოლუციური სცენარიდან ვარდების ნაცვლად ალბათ სხვა ყვავილის შერჩევაზე ფიქრობს.
,,მეორე მხარეს, სახელისუფლებო გუნდი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საინტერესო ინიციატივით გამოდის. კერძოდ, დაისვა საკითხი, რომ პარტიების დაფინანსების წესსა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს გადაეგზავნოს და ამ პროცესში აღნიშნული ინსტიტუციების პოზიციაც შეფასდეს.
იგივე ინიციატივა საინტერესო იქნება მეორე კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც წინა კვირაში დაინიცირდა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არ არის მოქალაქე ან არ აკმაყოფილებს რომელიმე საკონსტიტუციო ცენზს. ამ საკითხისა თუ საკითხების გადასაწყვეტად შიდა დონეზე არსებობს ყველა საჭირო სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტი, მაგრამ ამ პროცესში ვენეციის კომისიის თუ ეუთო/ოდირ-ის პოზიციებისადმი ინტერესი კიდევ ერთხელ მათდამი მაღალი ნდობის ხარისხისა და სახელისუფლებო გუნდის მიერ კანონიერების დაცვის ვალდებულების შეგრძნების ხაზგასმაა. მჯერა, სახელისუფლებო გუნდის კანონით ნაკარნახევი გაბედული ნაბიჯები სულ სხვაგვარ პოლიტიკურ რეალობას შექმნის“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.