,,პატრიოტთა ალიანსის“ 4 დეპუტატიდან ერთ-ერთმა, ავთანდილ ენუქიძემ, მიუხედავად პარტიის ერთიანი გადაწყვეტილებისა, დღეს პარლამენტში შესვლა დააანონსა. ,,კვირა“ ,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერს, მალხაზ თოფურიას ესაუბრა:
– თქვენმა ერთ-ერთმა, საპარლამენტო სიაში მყოფმა დეპუტატმა დღეს მედიაში განაცხადა: „მე ვარ და ვრჩები „პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერად და მეგობრად. როდის შევალ პარლამენტში, არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე – ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით.“ რას ნიშნავს ბატონი ავთანდილის ეს განცხადება, განსაკუთრებით კი სიტყვა – ,,პირიქით“?
-,,პირიქით“ ზუსტად იმას ნიშნავს, რაც ბატონმა ავთომ იგულისხმა. ის უწესიერესი ადამიანი და ბიზნესმენია, ჩვენ, ყველა პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, მას აქვს საკუთარი ხედვა, ჩვენს პარტიაში კი თავისუფალი ადამიანები არიან.
-ავთანდილ ენუქიძეს გადაწყვეტილების მიღებამდე ჰქონდა პარტიასთან კონსულტაცია?
-რასაკვირველია, ჰქონდა. როგორც ქართულ ზღაპრებში ხდებოდა ხოლმე: მარჯვნივ წახვალ – ინანებ, მარცხნივ წახვალ – მაინც ინანებო, ბატონი ავთოს დილემაც ასე გამოიყურებოდა: შეხვალ – ინანებ, არ შეხვალ – ინანებ. მისი ამ კონსტიტუციური გადაწყვეტილების განკითხვის უფლება არავის გვაქვს.
-რაც შეეხება ,,პატრიოტთა ალიანსის“ გადაწყვეტილებას საპარლამენტო სიის გაუქმების შესახებ, უცვლელი რჩება?
-,,პატრიოტები“ ვერ ვხედავთ საკუთარ ადგილს ამ პარლამენტში, სადაც პარტიის პერსპექტივა მხოლოდ 6 თვეში ერთხელ 10 წუთით საპარლამენტო ტრიბუნასთან დგომაა. მგონი, ავასრულეთ მდინარაძის ოცნება, რომელმაც განაცხადა: არ გვინდა, დავინახოთ ,,პატრიოტები“ პარლამენტშიო. ამის შემდეგ ჩვენს ახლანდელ პოზიციაზე რატომღა ბრაზობენ, მართლა გაურკვეველია. დროა, ,,ნაცები“ და ,,ქოცები“ ჩამოყალიბდნენ ,,პატრიოტებთან დაკავშირებით. ბოლოს და ბოლოს, ,,ოცნების“ სატელიტები ვართ, როგორც ამას გიგა ბოკერია და ,,ფანჩატურის“ დანარჩენი პარტიები აცხადებენ, თუ როგორც ,,ოცნება“ გვამუნათებს: ,,ბოკერია-სააკაშვილის დაკრულზე ვცეკვათ.“ გვახსოვს, როგორ შეუბრუნდა მდინარაძეს სათვალე უკუღმა, როდესაც, ,,გორბის“ მონაცემებით, ,,პატრიოტთა ალიანსს“ მოსახლეობის 9%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. დავიღუპეთო, გაჰკიოდა მაშინ ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი. ჰოდა, ახდა მათი ოცნება და არ დაღუპულან, ბატონო, არ შევდივართ პარლამენტში!
-ქუჩაში რა მომავალი შეიძლება, ჰქონდეთ ,,პატრიოტებს“?
-ისეთივე, რაც პარლამენტში შესვლის შემდეგ გვექნებოდა. საკანონმდებლო ორგანოში ფოჩიან კანფეტებს დაგვირიგებდნენ? გავიგე, ამ ბოლო დროს ნიკა გვარამია გვაქებს თურმე: ,,პატრიოტები“ სწორად იქცევიანო. მინდა, გადასცეთ პირადად ჩემგან, მისი ჭკუა მოიკითხა სრულიად ,,პატრიოტებმა“, ვისაც გვარამია და მისი შექება საერთოდ აინტერესებს.