მე-10 მოწვევის პარლამენტის მომავალზე, ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციაზე, პოლიტპატიმართა არსებობაზე საქართველოში და ,,ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეზე ,,კვირა“ ისტორიკოსს, პროფესორ ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა:
-დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომის დაწყებას ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციის მომხრე აქტივისტები მორიგი ბერიკაობით შეხვდნენ…
-ამათი ბოლო მხოლოდ ქუჩა-ქუჩა დადგმული წარმოდგენებია. ქუჩაში დარჩენა ოპოზიციის გამარგინალებას ნიშნავს და ეს ოპოზიციამაც მშვენივრად იცის. თუ ისინი დიდხანს დარჩებიან პარლამენტს გარეთ, ბოლოს და ბოლოს, საერთოდ გაქრებიან ქართული პოლიტიკური ველიდან და მათ ადგილს აუცილებლად დაიკავებს ახალგაზრდა, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. მართალია, დღევანდელ ქართულ ოპოზიციას პროდასავლურ იმიჯზე ლამის მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, მაგრამ ევროპაში ვერ დამისახელებთ ვერცერთ პარტიას, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა და პარლამენტში არ შევიდა.
-დღევანდელი ოპოზიციის ნაწილი მოვლენების რევოლუციურ განვითარებას აანონსებს, ნაწილი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, რასაც უკანასკნელი კვირის განმავლობაში ხმამაღლა აფიქსირებს მედიასთან საუბრისას…
-რას ნიშნავს მოვლენათა რევოლუციური განვითარება? როდესაც ერთი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია იცვლება მეორე საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციით. დღეს საქართველოში რესპუბლიკური წყობილებაა და ოპოზიციას სურს, შეცვალოს რესპუბლიკა მონარქიული ან სხვა რომელიმე წყობილებით? თუ ამგვარს არაფერს ფიქრობენ, ესე იგი, მათთვის რევოლუცია შეიარაღებული აჯანყებაა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ სახელმწიფო გადატრიალება. ვისაც ჰგონია, რომ 2003 წელს საქართველოში ,,ვარდების რევოლუცია“ მოხდა, ძალიან ცდება, ეს იყო ჩვეულებრივი სახელმწიფო გადატრიალება, სადაც არაფერი შეცვლილა მმართველი ელიტის გარდა. საქართველოს კონსტიტუცია დღესაც ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერითაა, რაც ისტორიულ ენაზე იმას ნიშნავს, რომ ახალმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ძველს ხელიდან გამოგლიჯა სახელმწიფოს მართის სადავეები.
-დღევანდელი პარლამენტის სხდომამ ,,ქართული ოცნების“ შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობა დაგვანახა. ხომ არ არის მოსალოდნელი თვით მმართველი პარტიის შიგნით ახალი ოპოზიციური ძალის გაჩენა?
-ძალიან ლოგიკური იქნება და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტის შიგნით ვიხილოთ ახალი ფრაქციები, რომელიც მომავალში ანგარიშგასაწევ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდება.
-დღევანდელ საპარლამენტო სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ილიჩოვა-მელაძის საქმის გამოძიებაზე ისაუბრა, რომელთაც ქართული ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს.
-არცერთ შემთხვევაში კარტოგრაფები არ შეიძლება, მივიჩნიოთ პოლიტპატიმრებად და აი, რატომ: ეს ორი ადამიანი მონაწილეობდა იმ რუკების დამუშავებასა და შედგენაში, რომლის საფუძველზეც ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწა აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა. ამ პროცესში, პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ილიჩოვა და მელაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სპეციალისტები. მათი საქმიანობის შედეგად, საქართველოს ტერიტორია რეალურად შემცირდა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ადამიანები გარიგებაში შევიდნენ ჩვენი ქვეყნის მტრებთან და იმოქმედეს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. მაშასადამე, საქმეში მონაწილე ყველა პასუხისმგებელი პირი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და პასუხი უნდა აგოს სასამართლოსა და ქართველი ერის წინაშე. პოლიტპატიმარი კი არის ადამიანი, რომელიც იდევნება საკუთარი რწმენისა და იდეების გამო. თუ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან, მაშასადამე, მათ ჰქონიათ რწმენა, რომ ეს ტერიტორიები საქართველოსი არ ყოფილა. სად არის აქ ლოგიკა?
-ოპოზიცია მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს და ესაუბროს ხელისუფლებას მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდზე. თუ ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხს ხელისუფლება არ განიხილავს, რა შეიძლება, გახდეს მოლაპარაკებების გაგრძელების მთავარი თემა?
-მომავალი, 2024 წლის საარჩევნო კანონი და მასში შესატანი ცვლილებები, რომ არჩევნები იყოს უკეთესი და საარჩვნო გარემო- სტაბილური. მთელმა მსოფლიომ ცნო, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები მართალია, ხარვეზიანი, თუმცა, აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო. ოპოზიცია ვერ არწმუნებს ვერც დასავლეთს და ვერც საკუთარ ამომრჩევეს საპირისპიროში. ეს იგივე იქნებოდა, რომ დამეწერა წიგნი ჩემს სოფელ კორმაღალაზე, წარმედგინა ნობელის პრემიაზე და მერე მემტკიცებინა – ნობელის პრემია იმიტომ ვერ მივიღე, რომ ხმები გამიყალბეს-მეთქი. ქართული არჩევნების ლეგიტიმურობა ცნო დასავლეთმა, აღმოსავლეთმა და სამხრეთმა. ერთადერთი, ვისაც ჯერაც არ უცნია – ჩრდილოეთია. ეჭვგარეშეა, სწორედ ჩრდილოეთის აგენტურაა ის პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში არ შედიან და დესტრუქციულ როლს ასრულებენ ქართულ პოლიტიკაში.
-ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ დააფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მუშაობაშ მონაწილეობას არ მიიღებან. ამ პირობებში რა ეშველებათ პატარა პერტიებს, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებენ?
-ალოგიკურია, დაფინანსებას ითხოვდე გამყალბებელი ხელისუფლებისგან, რომელმაც გაგიყალბა არჩევნები და პროტესტს უცხადებ მათ ქმედებას. გამოდის, რომ ერთი მხრივ აღიარებ ხელისუფლებას, მეორე მხრივ კი გმობ მათ უკანონო ქმედებას? როგორ უნდა მოითხოვო დაფინანსება გამყალბებელი ხელისუფლებისგან? პატარა პარტიებს პარლამენტში შეუსვლელობა აბსოლუტური გაქრობით ემუქრება. დღეს ისინი ,,ნაციონალური მოძრაობის“ მძევლებად გამოიყურებიან. მაქვს ეჭვი და არა მხოლოდ მე, რომ ,,ნაციონალები“ დანარჩენ ოპოზიციას კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ გაბედავენ და საპარლამენტო სავარძლებს დაიკავებენ.
-,,პატრიოტთა ალიანსმა“, მიუხედავად იმისა, რომ ერთიან ოპოზიციას ემიჯნება, საპარლამენტო სია გააუქმა.
-მაინც მგონია, რომ ,,პატრიოტები“ ჭკუაზე მოვლენ, ეშმაკს შეაფურთხებენ და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოიქცევიან. მაიკ პომპეო საქართველოში ტყუილად არ ჩამოსულა. სიტუაცია კავკასიაში უკიდურესად დაძაბულია და ახლა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა უპირველესი უნდა იყოს, ვიდრე – შიდაპოლიტიკური კინკლაობა. როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ ეს ვერ გაიგო?
-,,ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის მოლოდინშია. მელია თუ ვარშალომიძე, როგორია თქვენი პროგნოზი?
-მიუხედავად ჩემი საყოველთაოდ ცნობილი შეხედულებისა გრიგოლ ვაშაძეზე, ის მაინც პრაგმატული და წესიერი კაცი აღმოჩნდა დანარჩენებთან შედარებით და არ ჩაყვა პოლიტიკურ სამარეში სააკაშვილს. ჩემი აზრით, ვაშაძე რუსეთის რეზიდენტი იყო და ასეთად დარჩება ბოლომდე. შემთხვევით არ ჩამოსულა საქართველოში და არც შემთხვევით გამხდარა ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ამ გამოცდილმა კადრმა შეხედა, რომ ქვეყანას სააკაშვილი დიდ ვაკხანალიას უმზადებდა, პატრიოტიზმმა სძლია და გაეცალა ,,ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩრდილოელი დამკვეთის მხრიდან პატარ-პატარა დავალებების შესრულებაზე მომავალში ხელს აიღებს. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატებს, ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის ისინი სრულიად უინტერესო ფიგურები არიან. 2020 წლიდან ,,ნაცები“ პოლიტიური მოუსავლეთის გზაზე დგანან, ეს განაჩენი ქართველი ხალხის გამოტანილია და გადასინჯვას არ ექვემდებარება.