როგორი იქნება პარლამენტი, დაიკავებს თუ არა ოპოზიცია კუთვნილ ადგილებს საკანონმდებლო ორგანოში და დარჩა თუ არა იმის რესურსი, რომ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით დასრულდეს? ამ საკითხზე „კვირა“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
-ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მე-5 რაუნდის მოლოდინშია. შუამავლებს მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით მაინცდამაინც დიდი მოლოლოდინი არ აქვთ. თქვენ რას ფიქრობთ, შედგება კომპრომისი?
რა გითხრათ, მონდომებაზეა დამოკიდებული. “თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო”, ნათქვამია. ჩემი აზრით, შექმნილი სიტუაცია ოპოზიციისთვის უფრო პრობლემურია. ის რჩება ქუჩაში. სახელისუფლებო პარტიისთვის არის დისკომფორტი, ასე ვთქვათ, ერთპარტიული პარლამენტი, მაგრამ ეს პოლიტიკურ დაღუპვას არ ნიშნავს. აი, ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით პატარა პარტიებისათვის ქუჩაში დარჩენა პოლიტიკური დაღუპვის ტოლფასია.
-რისი იმედი აქვს ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას?
ძნელი სათქმელია, რისი იმედი აქვთ. მოგეხსენებათ, საპროტესტო აქციებისას ხალხის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერჯერობით, ასეთი კრიტიკული მასის მობილიზებას ქუჩაში ვერ ახერხებენ. როგორც ჩანს, გაზაფხულისთვის ქვეყანაში სიტუაციის დამძიმებას ელოდებიან და ამას არც მალავენ. მოკლედ, ფიქრობენ, რომ იმ დროისათვის ქუჩის შევსებას მოახერხებან. მაგრამ ბევრი უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში მაინც არ ნიშნავს რევოლუციას, რისი იმედიც აქვთ. აშკარაა, რომ „ვარდების რევოლუციის“ სცენარით მიდიან, თუმცა, მაშინაც შევარდნაძე რომ გაჯიუტებულიყო და არ გადამდგარიყო, რას იზამდნენ, ვერავინ აიძულებდა წასვლას. ბელორუსი ავიღოთ, რამდენი ხანია, იქ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, თუმცა, ლუკაშენკოს ვერაფერს უხერხებენ. „გავრილოვის ღამემაც“ აჩვენა, რომ თუ პროტესტი სამართლებრივ ჩარჩოებს გაცდება, ხელისუფლება არც ძალის გამოყენებაზე იტყვის უარს. როგორც ჩანს, ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციას იმედი აქვს, რომ სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად ხელისუფლება მაინც წავა დათმობაზე. ასეც რომ მოხდეს, სად აქვს ოპოზიციას იმის გარანტია, რომ რიგგარეშე არჩევნებში უკეთეს შედეგს დადებს. მე პირიქით მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებით 3-4-პროცენტიანი პარტიები უარსეს შედეგს დადებენ.
-მმართველი გუნდში, კერძოდ, კობახიძე და მდინარაძე აცხადებენ, რომ პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და რაღაც სამართლებრივ მექანიზმებსა და ვარიანტებზე საუბრობენ. რას გულისხმობენ, თქვენი აზრით, როგორც ვიცით – ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესცლას?
თეორიულად არსებობს ასეთი ვარიანტი, რომ ერთი დიდი პარტიიდან შეიქმნას რამდენიმე.
-ანუ ,,ქართული ოცნება,, დაიშლება რამდენიმე ნაწილად?
რატომაც არა. ჩამოყალიბდება რამოდენიმე ფრაქცია პარლამენტში და გამოეყოფიან ,,ოცნებას”, იფუნქციონირებენ, როგორც დამოუკიდებელი პარტიები. რა უშლის ამას ხელს.
-არჩევნებამდე ბევრ ოპოზიციონერზე სხვადასხვა ბრალდებით საქმეებია აღძრული. რას ფიქრობთ, მივა ეს საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე, თუ ეს იყო, ასევ ვთქვათ, წინასაარჩევნო შავი პიარი ხელისუფლების მხრიდან?
რას იზამს ხელისუფლება ამ შემთხვევაში, არ ვიცი. სწორი იქნება, რომ ეს საქმეები ბოლომდე მიიყვანონ. ის სტრატეგია, რაც „ოცნებას“ ჰქონდა, რომ ვაცოცხლოთ „ნაციონალური მოძრაობა“ და არჩევნებზე გამოგვადგება ხალხის დასაშინებლად, აღარ იმუშავებს. ჩემი აზრით, ეს სტრატეგია ბზარს იძლევა და უკვე მემგონი ეს „ოცნებამაც“ უნდა დაინახოს. თუკი მესამე ალტერნატივა ოდნავ მაინც ძლიერი გამოჩნდა, ამომრჩევლის ხმები გადავა იმ მესამე ალტერნატივისკენ. გარდა ამისა, ისიც ფაქტია, რომ უკვე ,,ნაციონალური მოძრაობაც,, იღებს ხმების საკმარის რაოდენობას. ერთ – ერთი მიზეზი „ოცნებისადმი“ იმედგაცრუებისა არის სწორედ ის, რომ მან ,,ნაცონალურ მოძრაობას,, ვერ მოუარა. ასე რომ, „ოცნებისთვის“ უმჯობესია, „ნაციონალები“ დაასუსტოს, ვიდრე მათი დაუსჯელობით ამომრჩეველი დაკარგოს. ,,ნაციონალების,, დასუსტების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი ამ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანაა.