თამარ ტალიაშვილი: ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციაზე დაყრდნობით უკვე მთავრობის სტრატეგიის შემუშავება მიმდინარეობს
„პროფესიული განათლება შრომითი ბაზრის მოთხოვნებს ძალიან სწორად და კარგად პასუხობს. ამ მიმართულებით, რა ინსტრუმენტების, რა მექანიზმების დანერგვას გეგმავს სამინისტრო მომავალში?”, – ამ კითხვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა მიმართა.
ტალიაშვილი განათლების სისტემაში ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების, პროფესიული განათლებისა და საგრანტო-სამეცნიერო პროგრამების საკითხებით დაინტერესდა.
„საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია, რომელზეც დაყრდნობითაც მიმდინარეობს უკვე მთავრობის სტრატეგიის შემუშავება ახალგაზრდებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით პანდემიამ განსაკუთრებული როლი ითამაშა, ჩვენ ვიცით და ეს მსოფლიოს კვლევებით არის აღიარებული, რომ პანდემიამ, ერთი მხრივ, განსაკუთრებული გამოწვევები შეუქმნა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ჩვენს მოხუცებს, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ის განსაკუთრებით მძიმედ აისახა სწორედ ახალგაზრდებზე. სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ექვსიდან მინიმუმ ერთმა ახალგაზრდამ პანდემიის პერიოდში დაკარგა სამუშაო ადგილი, ხოლო რაც შეეხება კარიერაში შესვლას, ახალი სამუშაოს დაწყებას, ამ მიმართულებით სიტუაცია კიდევ უფრო რთულია. აქედან გამომდინარე, ჩემი კითხვა შეეხება იმ პრიორიტეტს, რომელიც გაცხადებულია „ქართული ოცნების” გუნდის მიერ და თქვენ კარგად ისაუბრეთ პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით. მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადადგა სამინისტრომ უკანასკნელ პერიოდში. გასულ წელს ამ თვალსაზრისით ძალიან აქტიური იყო სამინისტრო. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ 15-19 წლის ასაკობრივი ჯგუფი მოზარდი ახალგაზრდებისა არ არის საკმარისად ჩართული პროფესიული განათლების სისტემაში მაშინ, როდესაც სწორედ პროფესიული განათლება შრომითი ბაზრის მოთხოვნებს ძალიან სწორად და კარგად პასუხობს. ამ მიმართულებით, რა ინსტრუმენტების, რა მექანიზმების დანერგვას გეგმავს სამინისტრო მომავალში, რათა ეს ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს?
აქვე, ხაზს გავუსვამდი იმ გარემოებას, რომ მეცნიერების მიმართულებით მართლაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნა სამინისტროს მიერ გატარებული. ჩვენ კარგი შედეგი გვაჩვენა ერთმა გარემოებამ, რომ პანდემიის პერიოდში გამოჩნდა ფუნდამენტური მეცნიერებების ძალიან დიდი როლი საზოგადოების მდგრადობაში და განვითარებაში. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ამ მონაპოვარის კაპიტალიზაცია და მაქსიმალურად სწორედ ახალგაზრდებზე ორიენტირებული სხვადასხვა საგრანტო-სამეცნიერო პროგრამების დანერგვა და პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტი ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ითანამშრომლებს თქვენთან ამ მიმართულებით. აქვე, შევეხებოდი იმ სამეცნიერო პროგრამებს, რომელიც არ არის ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებით, არამედ ქართველოლოგიური კვლევის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ქართული ენის სიწმინდის დაცვის და მისი, როგორც ჩვენი იდენტობის და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი, რაც არის ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს მომავალზე, ჩვენს იდენტობასა და მდგრადობაზე ზრუნვა”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.