ნიკოლოზ სამხარაძე: „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს უპრეცედენტოდ მაღალი უფლებები მისცა ოპოზიციას და არც ახლა არ აპირებს არავისთვის ხმის ჩახშობას

“თუ არავინ დაარღვევს კონსტიტუციას, შესაბამისად, აზრის, გამოხატვის თავისუფლება და არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველასთვის იქნება გარანტირებული”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს უპრეცედენტოდ მაღალი უფლებები მისცა ოპოზიციას და არც ახლა არ აპირებს არავისთვის ხმის ჩახშობას.

„თუ არავინ დაარღვევს კონსტიტუციას, შესაბამისად, აზრის, გამოხატვის თავისუფლება და არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველასთვის იქნება გარანტირებული. რაც შეეხება პარტიების დაფინანსების საკითხს, სხვადასხვანაირი აზრი, სხვადასხვანაირი მსჯელობა შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებით. ბატონმა ჰარცელმაც თქვა, რომ ლოგიკას ის ხედავს, რადგან ეს დაფინანსება არის სწორედ ხმებზე მიბმული და თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია არ აღიარებს ამ ხმების ნამდვილობას, მაშინ რატომ ითხოვენ ამ ხმებზე მიბმულ დაფინანსებას. აქ რა თქმა უნდა ლოგიკა არსებობს. რაც შეეხება რეგისტრაციის მოხსნას, კონსტიტუციაში უკვე დიდი ხანია, წერია ეს საკონსტიტუციო ცენზები, ერთადერთი, აქ სიახლე იქნება ის, რომ პარტია, გარდა იმისა, რომ დაჯარიმდება 2 000 ლარით, რაც მართლაც ძალიან პატარა დაჯარიმებაა იმასთან შედარებით, რამხელა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კონსტიტუციის დარღვევას, თუ ვინმე კონსტიტუციას დაარღვევს, რომელიმე პოლიტიკური პარტია, ის უბრალოდ მოიხსნება რეგისტრაციიდან იმ კონკრეტულ არჩევნებში. თანაც აქ არ არის ლაპარაკი, რომ ვინმე ერთი წევრი ეყოლება პარტიას, რომელიც ამ კონსტიტუციურ ცენზს არ დააკმაყოფილებს, აქ არის საუბარი კონკრეტულად ლიდერზე. თუ პოლიტიკური პარტიის ლიდერი საქართველოს კონსტიტუციის ცენზებს არ აკმაყოფილებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ამას უფრო მეტად მძიმე სანქცია უნდა მოჰყვეს, ვიდრე ეს არის 2 000-ლარიანი ჯარიმა. ესეც ისევ და ისევ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. თუ კონკრეტული პარტიის ლიდერი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაშინ რანაირად უნდა ჩაერთოს ის კამპანიაში, წარმოუდგენელია. ამიტომ ძალინ მარტივი ანბანური ჭეშმარიტებაა, ყველასთვის გასაგებია, საქართველოში საარჩევნო კამპანიაში უნდა იყოს ჩართული საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზციას შორის მოლაპარაკებებს, სამხარაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი შეთანხმების ტექსტით დასრულდება.

„ზუსტ თარიღს დღეს ვერ გეტყვით, როგორც იცით, ამას ელჩები აორგანიზებენ. შესაბამისად, მათი პრეროგატივაა, როდის ჩანიშნავენ ამ შეხვედრას. თუმცა, ვფიქრობ, რომ შეთანხმების სივრცე არსებობს. ძალიან ბევრმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ ისინი ემიჯნებიან ე.წ.რევოლუციურ და ძალადობრივ სცენარს, რაც ძალიან კარგია. დარჩა რეალურად ორი დესტრუქციული პარტია, რომელიც ამ ძალადობრივ სცენარს აანონსებს. აქედან გამომდინარე, იმ ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან, რომელსაც ქვეყანაში სურთ მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება, იმათთან შეთანხმების სივრცე, რა თქმა უნდა, არის. იმედი მაქვს, რომ ეს საბოლოო რაუნდიც შეჯერებული, შეთანხმების ტექსტით დასრულდება“,- განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები