21-23 დეკემბერს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – “ელჩების კონფერენცია 2020” ვირტუალურ ფორმატში გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 21-23 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები”.
უწყების ცნობით, კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზალკალიანი გახსნის.
“ღონისძიების მონაწილეებს მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წლის საქმიანობას და განიხილავენ 2021 წლის სამოქმედო გეგმას.
კონფერენციის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შედეგად მიღებულ გამოწვევებსა და მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ ტურბულენტურ გარემოს, ვირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს საგარეო უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.
ღონისძიებაზე განხილულ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარების საკითხები აშშ-სთან, ევროპის სახელმწიფოებთან, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ოკეანეთის ქვეყნებთან. საუბარი შეეხება რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას, ასევე მრავალმხრივ დიპლომატიას, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებს, სტრატეგიული კომუნიკაციების და ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებთან ეფექტიანი გამკლავების საკითხებს.
ელჩების კონფერენციაში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები