კლინიკა “ბომონდში” კორონავირუსი კიდევ ხუთმა ჩვილმა დაამარცხა
კლინიკა “ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან 5 ჩვილი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულებიდან ყველაზე დიდი ერთი თვის და 5 დღის, ხოლო ყველაზე მცირე ასაკის 16 დღის იყო.
ჩვილები სამეგრელოდან, თერჯოლიდან, ზესტაფონიდან და ქუთაისიდან კლინიკაში კოვიდინფიცირებულ დედასთან კონტაქტის გამო შემოიყვანეს. მოგვიანებით კი პატარებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ.
ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი ერთი – 25 დღის ჩვილი რჩება, რომელიც სტაციონარში 4 დღის წინ შეიყვანეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგს კი ხუთი პატარა ელოდება.
გარდა ამისა, დასტაბილურდა კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ქედის მუნიციპალიტეტიდან გადმოყვანილი ორსულის მდგომარეობა. 30 კვირის ორსული კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ტემპერატურის მატებით, კუნთების ძლიერი ტკივილით, ორმხრივი პნევმონიითა და ფილტვის ქსოვილის 70-პროცენტიანი დაზიანებით ათ დეკემბერს შევიდა. პაციენტს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.