დაიკავებს თუ არა სომხეთი საქართველოს ადგილს – ბაქო-თბილისი-ყარსი აქტუალობას კარგავს, პრიორიტეტი „თურქეთის კარიბჭე“ ხდება

ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის გამარჯვება რეგიონში ძირეული ცვლილებების მიზეზი ხდება. იცვლება როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური პრიორიტეტები. აზერბაიჯანში და თურქეთშიც უკვე აქტიურად განიხილება ის პროექტები, რომლებიც ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან საქართველოს გვერდის ავლით დააკავშირებს. სწორედ ასეთი პროექტია „თურქეთის კარიბჭე“, ანუ სარკინიგზო მაგისტრალი, რომელშიც ერთ -ერთი საკვანძო როლი სომხეთს ენიჭება.

„რკინიგზის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანის დეოკუპირებული ტერიტორიებიდან ნახჭევანამდე და იქედან თურქეთამდე გაგაგრძელდება, უნდა შეფასდეს, როგორც პროექტი, რომელიც ემსახურება აზერბაიჯანისა და მთლიანად რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას”, – განუცხადა აზერბაიჯანულ მედიას აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტ-ექსპერტმა, ელშად მამედოვმა.

მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან მხოლოდ საჰაერო გზით არის დაკავშირებული და სახმელეთო კომუნიკაციის არარსებობა პრობლემა იყო აზერბაიჯანის ევროპულ ბაზრებზე შესასვლელად.

„მხოლოდ საქართველოს გავლით იყო შესაძლებელი ევროპასთან კომუნიკაცია, რაც, გარკვეულ გაგებით, ეკონომიკური დამოკიდებულების თვალზასრისით, ერთგვარ დამოკიდებულებას ქმნიდა”, – აცხადებს მამედოვი.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მეზობელ თუნდაც ყველაზე უახლოეს და კეთილგანწყობილ ქვეყანასთან გადაჭარბებულმა მიბმამ ეკონომიკური თვალსაზრისით შესაძლოა, პრობლემები შექმნას.
”ამისათვის ჩვენ ვამრავალფეროვნებთ ჩვენს ხელმისაწვდომობას უცხოურ ბაზრებზე. ამავე დროს, ნახჭევანის ეკონომიკურ სისტემაში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია იქნება უზრუნველყოფილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – მიაჩნია მამედოვს.

პროფესორი მოსაზრებით, ნახჭევანში დერეფნის გახსნა სომხეთის გავლით არის გრძელვადიანი და არა – 3 ან 5 ან თუნდაც 10-წლიანი პროექტი. მამედოვის თქმით, 10 ნოებრის დეკლარაცია, რომელსაც ხელი აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა მოაწერეს ხელი, უზრუნველყოფს სომხეთის ჩართვას რეგიონის ეკონომიკურ პროცესებში.

“მე ვთვლი, რომ აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის სომხეთის გავლით სახმელეთო კავშირის შექმნა რეგიონში მშვიდობის, ასევე,  ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტური საფუძველი გახდება”, – აცხადებს მამედოვი.

რა ბედი ელის ასეთ შემთხვევაში „ბაქო თბილისი- ყარის“ სარკინიგზო მაგისტრალს? მამედოვის განმარტებით, როცა აღნიშნული მაგისტრალი აშენდა, მსოფლიოსა და რეგიონში სხვა პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა იყო. მისი თქმით, მაშინ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო სატრანსპორტო კავშირის შექმნა არარეალურად მოჩანდა, დღეს კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

„მე მჯერა, რომ სომხეთისა და ნახჩივანის გავლით თურქეთისკენ დერეფნის გახსნით ბაქო-თბილისი-ყარსის, როგორც ჰეგემონის სტატუსი უეჭველად დაიკარგება. თავის დროზე სომხეთს რომ კონსტრუქციული პოზიცია დაეკავებინა, სომხეთის გავლით საექსპორტო გზა აზერბაიჯანისთვის ყველაზე მომგებიანი იქნებოდა“, – აცხადებს მამედოვი.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს რომ აზერბაიჯანს აღარ დასჭირდება ბაქო-თბილისი-ყარსი, რომელშიც მილიარდობით დოლარია ჩადებული. თუმცა, მამედოვის განმარტებით, ფაქტია, რომ მას კომკურენტად ეკონომიკურად უფრო მომგებიანი და ეფექტური სატრანსპორტო დერეფანი გამოუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები