„ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების მხრიდან ვხედავთ ელჩებზე მიზანმიმართულ თავდასხმას” – დავით ჩიხელიძე

„ოპოზიციურ სპექტრში საინტერესო და, სამწუხაროდ, საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის შემლახავი პროცესები ვითარდება. ელჩებზე თავდასხმა ცალსახად მიუღებელია, კრიტიკა ყოველთვის მისაღებია მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის კრიტიკის ობიექტი, მაგრამ კრიტიკა უნდა ემყარებოდეს ფაქტებს, იყოს ჯანსაღი და არგუმენტირებული,” – ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების” ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, ოპოზიცია ელჩებს მიზანმიმართულად ესხმის თავს:

„სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების მხრიდან ვხედავთ ელჩებზე მიზანმიმართულ თავდასხმას, მათ ლანძღვასა და არაჯანსაღ კრიტიკას, რაც აზიანებს როგორც ოპოზიციას, ასევე, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ორმაგი სტანდარტი აქვთ, ისინი – ვინც დღეს ელჩებს აგინებენ, სულ რამდენიმე თვის წინ მთავარ მოკავშირედ სწორედ ელჩებს მიიჩნევდნენ. დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას საერთო არ აქვს დასავლურ ღირებულებებთან. დიდი ფარსია მათი პროდასავლურობა, რადგან ასეთი გულმოდგინებით, დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა, მხოლოდ რუსეთის აღტაცებას იწვევს. დღეს ოპოზიცია სწორედ იქ არის, სადაც უნდა იყოს, ანუ ქუჩაში. რადგან პარლამენტში დესტრუქციული, დემოკრატიული ღირებულებების მოწინააღმდეგე ადამიანთა ადგილი არ არის. მითი ოპოზიციის პროდასავლურობის შესახებ მსხვრევას განაგრძობს,” – აღნიშნავს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები