გერმანიაში “ლოქდაუნი” მკაცრდება – შეზღუდვების საწინააღმდეგო გამოსვლები პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა

16 დეკემბრიდან 2021 წლის 10 იანვრამდე გერმანიაში მოქმედი „ლოქდაუნი“ კიდევ უფრო გამკაცრდება.

მთავრობა ამზადებს წარსადგენ პაკეტს, სადაც გაწერილი იქნება ე.წ. ლოქდაუნის გამკაცრების პირობები. იმის ფონზე, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირებისა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი რეკორდულ ნიშნულებს აღწევს, გერმანია საახალწლოდ მძიმე “ლოქდაუნს” შემოიღებს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ წინასაახალწლო შოპინგმა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 13 დეკემბერს გერმანიაში ინფიცირების 20 200 შემთხვევა გამოვლინდა.

ყველა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზია დაიკეტება. სკოლები დისტანციურ სწავლაზე გადავლენ. ამასთან, სასკოლო არდადეგები 2021 წლის 10 იანვრამდე გახანგრძლივდება. საბავშვო ბაღები დაიკეტება. საჯაროდ სასმელის მოხმარება აიკრძალება. დამსაქმებლებმა დასაქმებულების დისტანციურ სამუშაო გრაფიკს მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყონ. ღვთისმსახურება ყველა კონფესიის წარმომადგენლისთვის დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეგულაცია დაცული იქნება. რეკომენდებულია, რომ იმ ოჯახების წევრებმა, რომლებიც დღესასწაულებზე შეხვედრას გეგმავენ, წინასწარ 7-დღიანი იზოლაცია გაიარონ, რათა ინფიცირების შესაძლო რისკების თავიდან აცილება მოხდეს;
რაც შეეხება შობის დღესასწაულებს, 24-26 დეკემბერს ნებადართული იქნება მაქსიმუმ 5 სრულწლოვანის და 14 წლამდე მოზარდის შეკრება ერთ სივრცეში. ვიცეკანცლერის განცხადებით, ქვეყანა უნდა იყოს მზად დამატებითი შეზღუდვებისთვის.

გერმანიაში შეზღუდვების საწინააღმდეგო გამოსვლები პერიოდულად იმართება. 12 დეკემბერს ფრანკფურტსა და დრეზდენში გამართული დემონსტრანტების დაშლა პოლიციას წყლის ჭავლის გამოყენებით მოუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები