,,გირჩი”: თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, ,,გირჩის” ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე
პოლიტიკური პარტია „გირჩი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა, რადგან იყო ერთპარტიული და არ იყო წარმოდგენილი კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო, პარლამენტართა მინიმუმიც კი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ,,გირჩი“ უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე.
„დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა. ვერ შედგა ორი მიზეზის გამო: ის იყო ერთპარტიული და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი – 113 ადამიანი. ჩვენ არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
„გირჩი“ უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების დახმარებას და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, ,,გირჩის” ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.