გიორგი კახიანი: თეა წულუკიანმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მომავალში აღარ ყოფილიყო იუსტიციის მინისტრი
“თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თანამდებობას და მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მომავალში აღარ ყოფილიყო იუსტიციის მინისტრი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, წულუკიანის საპარლამენტო თანამდებობაზე გადასვლა მისი დაქვეითება არ არის.
„ჩვენ არჩევნებამდეც განვაცხადეთ, ვინ იქნებოდა მომავალი პრემიერმინისტრი. ბატონი გიორგი, რაც ოფიციალურად დასახელდება პრემიერმინისტრობის კანდიდატად, შეადგენს შესაბამის შემადგენლობას და მომდევნო კვირაში მოხდება ამ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება პარლამენტში. რაც შეეხება წულუკიანს, ქალბატონი თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თანამდებობას და მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მომავალში აღარ ყოფილიყო იუსტიციის მინისტრი და პარლამენტში დაიკავებს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ძალიან მაღალი თანამდებობაა, თავისი რანგით, შეიძლება ითქვას, რომ უთანაბრდება მთავრობის რიგებში მინისტრის თანამდებობას. ასე რომ, ვერანაირ დაქვეითებაზე ვერ ვისაუბრებდი“, – განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება.