მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომას 12:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
პირველი სხდომის პროცედურები რეგლამენტით არის განსაზღვრული. პროცედურის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც სხდომას პრეზიდენტი გახსნის, ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს მისცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება.
მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია, მუშაობას შეუდგეს, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – თამარ ჟვანია პარლამენტს არჩევნების შედეგებს გააცნობს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს.
პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას ცესკო-ს მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე პარლამენტის აპარატი ახორციელებს. სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით დაადასტურებენ. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას დეპუტატთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან იძენს, რის შემდეგაც პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს ცესკო-ს თავმჯდომარე წაიკითხავს. დეპუტატების მიერ ფიცის დადების შემდეგ, სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის. პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, ხოლო ოპოზიციის 60 მანდატი ასე გადანაწილდა – „ევროპული საქართველო“ – ხუთი, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – ოთხი; „ლეიბორისტული პარტია“ ერთი მანდატი; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – ოთხი; „გირჩი“ – ოთხი; „ლელო“ – ოთხი.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.