ანა დოლიძის ინიციატივით პარლამენტთან ონლაინ აქცია – „ვითხოვთ შრომის უფლებას„ გაიმართა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ სახალხო მაჟორიტარობის ფარგლებში საქართველოში პირველი ონლაინ აქცია მოაწყო და იმ მოქალაქეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესების პრობლემებს გამოეხმაურა, რომლებიც ხელისუფლების მიერ მიღებული შეზღუდვების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

ანა დოლიძის თქმით, ხელისუფლება გადაწყვეტილებებს კვლავ COVIP ჯგუფებთან შეთანხმებით იღებს და არ ესმის ჩვეულებრვი ადამიანების ხმა, არ იცის და არ ესმის ხალხის პრობლემები, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფის წინაშე მარტო დატოვა.

„სახალხო მაჟორიტარობის ფარგლებში, ჩვენ გავმართეთ პირველ ონლაინ აქცია საქართველოში, და ამ გზით ხელისუფლებას გავაგებინეთ მცირე და საშუალო ბიზნესის გულისტკივილი, თუ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისინი იმ აბსოლუტური მოუმზადებლობის შედეგად, რითაც ხელისუფლება დახვდა კოვიდის მეორე ტალღას. ეს ადამიანები დღეს ითხოვენ მხოლოდ იმის უფლებას, რომ თავად იშრომონ და მოიპოვონ სარჩო. ჩვენ ვიყენებთ და გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ ხელისუფლებას მივაწვდინოთ ხალხის ხმა, ავუხსნათ რაოდენ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავვარდით ამ დაუბალანსებელი და უგუნური შეზღუდვების შედეგად“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ Zoom-ში გამართულ ონლაინ აქციაში 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და აქციას შეუერთდნენ კოვიდინფიცირებულები, მრავალშვილიანი მშობლები, ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, კერძო საბავშვო ბაღების ასოციაციის თავმჯდომარე და მცირე და საშუალო ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ არსებული შეზღუდვებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები