სალომე სამადაშვილი: არის საკითხები, რომლებზეც მხარეების პოზიციები არის ახლოს, მაგრამ ეს ვერ მოხსნის მთავარ პოლიტიკურ საკითხებს დღის წესრიგიდან

“არის საკითხები, რომლებზეც მხარეების პოზიციები არის ახლოს, მაგრამ ეს ვერ მოხსნის მთავარ პოლიტიკურ საკითხებს დღის წესრიგიდან”,– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ოპოზიცია მზად არის, გააგრძელოს მოლაპარაკებები.

„ჩვენ ელჩების თხოვნით, არ ვსაუბრობთ დეტალებზე, მაგრამ მოლაპარაკებების საგანი არის უამრავი თემა, მათ შორის, საარჩევნო სისტემის რეფორმა და ა.შ. არის საკითხები, რომლებზეც მხარეების პოზიციები არის ახლოს, მაგრამ ეს ვერ მოხსნის მთავარ პოლიტიკურ საკითხებს დღის წესრიგიდან. ოპოზიციური პარტიები სრულიად შეთანხმებულები არიან საკუთარ ხედვაში. ამ საკითხების გადაჭრის გარეშე პროგრესს ვერ მივაღწევთ და საქართველოს თანამედროვე ისტორიაში პირველად ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი.

ძალიან ბევრი საკითხი დგას ჩვენ წინაშე, დაწყებული ტექნიკური საკითხებით და დამთავრებული იმ დიდი პოლიტიკური შეთანხმებით, რაც უნდა დასრულდეს. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს და იმას, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, ეს არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ არსებობს ბევრი სხვა საკითხიც, ერთი მეორეს ხელს არ უშლის ისევე, როგორც ერთი მეორეს არ ანაცვლებს. შეიძლება, შევთანხმდეთ ბევრ წვრილმან საკითხზე, მაგრამ პოლიტიკურ თემებზე შეთანხმების გარეშე პროგრეს ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები