შალვა ნათელაშვილი: „ლეიბორისტები“ პარლამენტში არ შევდივართ, არ უნდა შედგეს პარლამენტი, პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“
მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, ნუ ინერვიულებენ ძალიან რაუნდების რაოდენობაზე, კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცბად გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, ის ისაუბრებს მხოლოდ „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით და მათი პოზიციაა, რომ პარტია პარლამენტში არ შედის.
„მე შემიძლია გითხრათ, ჩემი პარტიის პოზიცია. პარლამენტში არ შევდივართ, არ უნდა შედგეს პარლამენტი, პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უდნა გაშიშვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა. შეხვედრაზე ჩვენ დავაფიქსირეთ იგივე პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე, პარლამენტში არ შევდივართ. ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას იმის თაობაზე, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.